ადვოკატი აცხადებს, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი“ მუშაობას გააგრძელებს
ადვოკატი კახაბერ წერეთელი აცხადებს, რომ სასტუმრო და სამორინე „ველმონდი“, ყოფილი „ლეოგრანდი“ მუშაობას გააგრძელებს.
ამასთან, სასტუმროს მენეჯმენტის წარმომადგენლები, რომლებმაც დღეს ჟურნალისტებს სასტუმროში შეცვლილი უსაფრთხოების სისტემები აჩვენეს, ირწმუნებიან, რომ საგანგებო სუტუაციათა მართვის სამსახურის 43 რეკომენდაციიდან 41 შეასრულეს.
„დამონტაჟდა სრულიად ახალი სახანძრო გასასვლელები და სასტუმროში, რომელიც ამჟამად სრული დატვირთვით მუშაობს, უსაფრთხოება სრულად არის დაცული. დარჩენილი სამუშაოები კი, შეთანხმებისამებრ ეტაპობრივად უნდა დასრულდეს. რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია. სასტუმრო მუშაობას გააგრძელებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი სასტუმროს ექსპლუატაციის შეჩერების თაობაზე, 48 საათში გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. არ ვიცი, რამ გამოიწვია ასეთი დამოკიდებულება, თუმცა შედეგი არის ის, რომ ეს არის ბიზნესისთვის ძალიან დამაზიანებელი, მით უმეტეს, ამ სეზონზე“, – განაცხადა კახაბერ წერეთელმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი სასტუმრო „ლეოგრანდის“ შენობის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნა დააკმაყოფილა.
