ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდიდან“ ვიზიტორების ნაწილი სხვადასხვა სასტუმროში გადაიყვანეს
ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდიდან“ ვიზიტორების ნაწილი სხვადასხვა სასტუმროში გადაიყვანეს

ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდიდან“ ვიზიტორების ნაწილი სხვადასხვა სასტუმროში გადაიყვანეს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც რიჟვაძემ განაცხადა, ხარვეზებსა და დარღვევებს, რომელიც სასტუმროს უსაფრთხოების კუთხით ჰქონდა, უახლოეს მომავალში გამოასწორებს.

„უსაფრთხოების ნორმები უმთავრესია. შესაბამისად, აჭარის მთავრობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ამ პროცესში ჩართული იყო. კონკრეტული შეთანხმებას მიაღწიეს – დასაქმებული პირები შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და ხელფასს. რაც შეეხება ხარვეზებსა და დარღვევებს, რომელიც კომპანიას უსაფრთხოების კუთხით ჰქონდა, უახლოეს მომავალში გამოასწორებს და შემდეგ უკვე დავსხდებით და დავილაპარაკებთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული ბიზნესოპერატორის საქმიანობა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ (სასტუმრო „ველმონდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა ვადა, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს. როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მუშაობის შეწყვეტის მიუხედავად, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ პერსონალი ხელფასს მიიღებს. ამასთან, დღეს სამსახურის წარმომადგენლებსა და სასტუმროს მენეჯმენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. თუმცა, „ველმონდის“ საქმიანობის შეჩერების შესახებ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ პრინციპული მოთხოვნაა, სასტუმრო „ველმონდში“ კვამლის გამწოვი სისტემა გაკეთდეს.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.