ყოფილმა სასტუმრო „ლეოგრანდმა“ მუშაობა დღეს, 18:00 საათამდე უნდა შეაჩეროს
ყოფილმა სასტუმრო „ლეოგრანდმა“ მუშაობა დღეს, 18:00 საათამდე უნდა შეაჩეროს

ყოფილმა სასტუმრო „ლეოგრანდმა“ მუშაობა დღეს უნდა შეაჩეროს. სასტუმროს ადმინისტრაციას ვადა 18:00 საათამდე აქვს.

როგორც „ველმონდის“ ადვოკატმა, კახა წერეთელმა პირველ არხს განუცხადა, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადმინისტრაცია მზად არის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნა შეასრულოს.

„სასტუმრო მზად არის, შეასრულოს მოთხოვნა. ვიწყებთ სტუმრების გაყვანას სხვადასხვა სასტუმროში, რაშიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გვეხმარება. სასტუმროს ექსპლუატაციის შეჩერების შემდეგ კი უსწრაფესად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინირებული მუშაობით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაცია შესრულდება“, – განაცხადა კახა წერეთელმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ (სასტუმრო „ველმონდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა ვადა, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს. როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მუშაობის შეწყვეტის მიუხედავად, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ პერსონალი ხელფასს მიიღებს. ამასთან, დღეს სამსახურის წარმომადგენლებსა და სასტუმროს მენეჯმენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. თუმცა, „ველმონდის“ საქმიანობის შეჩერების შესახებ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ პრინციპული მოთხოვნაა, სასტუმრო „ველმონდში“ კვამლის გამწოვი სისტემა გაკეთდეს.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.