ძალიან ადრეულ სამყაროში, ძალიან შორეულ წარსულში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც დიდი აფეთქებიდან საკმაოდ მოკლე დროში ზედმეტად ზედმეტად არის გაზრდილი და დახვეწილი. მისი სახელია SPT0418-47 და იმალება ჩვენგან 12,4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე, იმ ეპოქაში, როდესაც სამყარო სულ რაღაც 1,4 მილიარდი წლის იყო.
ის განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ძალიან ჰგავს ჩვენს გალაქტიკას, ირმის ნახტომს. მიუხედავად იმისა, რომ აკლია ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა სპირალური გალაქტიკის მოღუნული მკლავები, SPT0418-47 შედგება ბრტყელი, მბრუნავი დისკოსგან. და რაც კიდევ უფრო საოცარია, აქვს გალაქტიკური ამოზნექილობა, ანუ ვარსკვლავთა მჭიდრო კონცენტრაცია, რომელიც სპირალურ გალაქტიკათა უმეტესობაში გვხვდება.
მართალია, უკვე აღმოჩენილია ყველაზე ადრეული მბრუნავი გალაქტიკები, მაგრამ SPT0418-47 ყველაზე ძველია ჩვენ მიერ აღმოჩენილ იმ გალაქტიკათა შორის, რომლებსაც გალაქტიკური ამოზნექილობა აქვთ. ეს ფაქტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ გალაქტიკები უფრო სხვანაირად წარმოიქმნებიან და ვითარდებიან, ვიდრე ჩვენ გვგონია.
„ეს შედეგი წარმოადგენს გარღვევას გალაქტიკათა ფორმაციის დარგში; გვიჩვენებს, რომ სტრუქტურები, რომლებსაც ახლომდებარე სპირალურ გალაქტიკებსა და ირმის ნახტომში ვხედავთ, 12 მილიარდი წლის წინ უკვე ადგილზე იყო“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის ასტროფიზიკის ცენტრის ასტროფიზიკოსი ფრანჩესკა რიცო.
სამყაროს „ბავშვობაში“ ყველაფერი გაცილებით არეულ-დარეული იყო, ვიდრე დღეს. გალაქტიკები ცხელი და გაბერილი იყო, ვარსკვლავები ქაოტურად მოძრაობდნენ ყველა მიმართულებით, რადგან ასტრონომთა აზრით, ისინი ერთმანეთსაც ეჯახებოდნენ.
თუმცა, ახალი აღმოჩენები გაცილებით კომპლექსური სურათის დახატვას იწყებს. კოსმოსში ასე შორს გახედვა წარმოუდგენლად რთული გამოწვევაა, მაგრამ ყველა დროის საუკეთესო ტექნოლოგიებისა და დაკვირვებათა ახალი მეთოდების კომბინაცია ასტრონომებს ასეთ შორეულ, წყვდიად მისადგომებში გახედვაში ეხმარება.
გალაქტიკა SPT0418-47 შედარებით ცივი და ახალგაზრდაა და საკუთრივ მისი დანახვა სულაც არ უნდა იყოს ადვილი. მისი დანახვის საშუალება განლაგების ერთმა დამთხვევითობამ მოგვცა — ჩვენსა და SPT0418-47-ს შორის არის მეორე გალაქტიკაც, რომელიც ე. წ. გრავიტაციული ლინზირების ეფექტს წარმოქმნის.
იმის გამო, რომ წინა პლანზე მდებარე გალაქტიკი მასა ძალიან დიდია, ის გარშემო სივრცე-დროს ამრუდებს და სინათლეს გამრუდებული გზით სვლას აიძულებს; შედეგად წარმოიქმნება SPT0418-47-ის გადიდებული, სარტყლის ფორმის ვერსია, რომლის გადაღებაც ჩილეში განთავსებულმა ატაკამის ფართო მილიმეტრულ/სუბმილიმეტრულმა ტელესკოპმა (ALMA) შეძლო.
უკანა ფონზე არსებული გალაქტიკის ფორმის გასარკვევად, კომპიუტერული მოდელირების ახალი მეთოდის გამოყენებით, ასტრონომებმა სინათლის ეს სარტყელი და მისი გაზის მოძრაობა საგულდაგულოდ აღადგინეს. ისინი რაღაც უფრო არეულ-დარეულს ელოდნენ, მაგრამ მათ წინაშე სრულიად სხვანაირი სურათი გადაიშალა.
აღმოჩნდა, რომ SPT0418-47 ის ყველაზე მეტად ჰგავს ირმის ნახტომს იმ გალაქტიკებს შორის, რომლებიც სამყაროს ასაკის პირველ 10 პროცენტში გვაქვს აღმოჩენილი.
„ძალიან დიდი თავსატეხი აღმოვაჩინეთ. მიუხედავად ახალი ვარსკვლავების დაბადების მაღალი მაჩვენებლისა და თანმხლები მაღალენერგიული პროცესებისა, SPT0418-47 ყველაზე კარგად მოწესრიგებული გალაქტიკური დისკოა მათ შორის, რაც კი ადრეულ სამყაროში აღმოგვიჩენია“, — ამბობს მაქს პლანკის ასტროფიზიკის ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი სიმონა ვეგეტი.
მისივე თქმით, ასეთი შედეგი ფრიად მოულოდნელია და მნიშვნელოვანი გავლენები აქვს ჩვენს წარმოდგენაზე გალაქტიკათა ევოლუციის შესახებ.
მკვლევართა აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ SPT0418-47-ს სპირალურ გალაქტიკად ჩამოყალიბება განეგრძო. დიდი ალბათობით, მას განვითარება ელიფსურ გალაქტიკად უნდა გაეგრძელებინა; ამ ტიპის გალაქტიკები სპირალურებზე უფრო გლუვი და მრგვალია და საკმაოდ ბევრი მათგანი ადგილობრივ სამყაროშიც არის წარმოდგენილი.
ის ფაქტი, რომ ასეთ შორეულ წარსულში ეს გალაქტიკა უკვე ასე კარგად ფორმირებული იყო, კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ადრეულ სამყაროში გალაქტიკური ფორმაციის პროცესებს სულაც არ სჭირდებოდა იმხელა დრო, როგორც ამას ჩვენი მოდელები მიუთითებს.
ბოლო რამდენიმე წელიწადში ადრეულ სამყაროში იმაზე მეტი მასიური გალაქტიკა, ულტრამასიური გალაქტიკა და კვაზარია აღმოჩენილი, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდით, რომ ეს შესაძლებელი იყო.
ამ მიქსს ახლა უკვე შეგვიძლია დავუმატოთ „გამორჩეულად კარგად ჩამოყალიბებული“ გალაქტიკებიც; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სამყაროს ამ ადრეულ, მძვინვარე წლებში იმაზე გაცილებით მეტი რამ ხდებოდა, ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს და რომ ჩვენს მოდელებს გალაქტიკათა ევოლუციის შესახებ, ალბათ გადახედვა სჭირდება.
შორეულ წყვდიადში დამალულ ამ გალაქტიკებს დღის სინათლეზე ალბათ გამოგვიტანს სამომავლო კვლევები, რომლებსაც მეცნიერები შემდეგი თაობის უმძლავრესი ტელესკოპებითა და ახალი მეთოდებით ჩაატარებენ.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.