აღმოჩენილია ადრეული სამყაროს უცნაურ ვარსკვლავთა გროვა, რომელიც ჩვენმა გალაქტიკამ გაანადგურა — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ადრეული სამყაროს უცნაურ ვარსკვლავთა გროვა, რომელიც ჩვენმა გალაქტიკამ გაანადგურა — #1tvმეცნიერება

ჩვენი გალაქტიკის შორეულ კიდეებზე ასტრონომებმა უძველეს ვარსკვლავთა იდუმალი ნაკადი დააფიქსირეს. ვარსკვლავები იმდენად უცნაური სახეობისაა, რომ მკვლევრებს მათი მსგავსი ჯერ არ უნახავთ; ამავე დროს, ისინი შეიძლება ამ სახის უკანასკნელი ვარსკვლავებიც იყოს.

ვარსკვლავების ამ უჩვეულო კოლექციას „ფენიქსის ნაკადი“ უწოდეს, რადგან სწორედ ფენიქსის თანავარსკვლავედის მიმართულებით ჩანს. წარმოადგენს ე. წ. ვარსკვლავურ ნაკადს — ვარსკვლავების გაწელილ ჯაჭვს, რომელიც თავდაპირველად სფერული ფორმის უნდა ყოფილიყო, ე. წ. სფეროსებრი ვარსკვლავთგროვის სახით.

ასეთი გროვები შეიძლება დააქუცმაცოს გალაქტიკის გრავიტაციულმა ძალამ, რა დროსაც მათი სფერული ფორმა მრუდდება, ვარსკვლავების ქარავნის სახით იწელება და გალაქტიკის ბირთვის გარშემო შორიდან იწყებს მოძრაობას.

მეცნიერებისთვის უცხო არც ვარსკვლავური ნაკადია და არც სფეროსებრი გროვები, მაგრამ ფენიქსის ნაკადის შემთხვევაში არის ერთი განსაკუთრებული დეტალი. მისი ქიმიური შემადგენლობა ამ დრომდე ნანახი ყველა სხვა სფეროსებრი გროვისგან განსხვავდება, იმდენად, რომ თითქოს ის ირმის ნახტომს არც ეკუთვნის.

არიზონის ლოუელის ობსერვატორიის ასტრონომის, კაილერ კინის განმარტებით, ვარსკვლავების წარმომავლობის დადგენა შესაძლებელია მათში დაფიქსირებული სხვადასხვა ტიპის ქიმიური ელემენტების ანალიზით, თითქმის ისე, როგორც წინაპრებთან პიროვნების კავშირის დადგენაა შესაძლებელი მათი დნმ-ის საშუალებით.

„ზუსტად ისეა, ვიღაც რომ იპოვო, რომლის დნმ-იც არც ერთი სხვა ადამიანისას არ ემთხვევა, არც ცოცხალისას და არც მკვდრისას“, — ამბობს კინი.

ირმის ნახტომში ამ დროისათვის აღმოჩენილია 150 სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა და ყველა მათგანი მდებარეობს ე. წ. გალაქტიკურ ჰალოში — გაუხშოებულ სფერულ სტრუქტურაში, რომელიც გარს აკრავს შედარებით ბრტყელ გალაქტიკურ დისკოს, სადაც თავს იყრის გალაქტიკის ვარსკვლავთა უმეტესობა.

თუმცა, ჰალოს კიდეებზე მაინც უამრავი ვარსკვლავია, რომლებიც სფეროსებრ გროვებად ერთიანდებიან. თითოეული ასეთი გროვა შეიძლება შეიცავდეს ასობით ათას ვარსკვლავს. ირმის ნახტომის ასეთ გროვებზე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ყველა გროვას ახასიათებს გარკვეული თანმიმდევრულობა ვარსკვლავურ ქიმიაში — გროვებში არსებული ვარსკვლავები მდიდარია შედარებით „მძიმე“ ქიმიური ელემენტებით, რომლებიც წყალბადსა და ჰელიუმზე უფრო მასიურია.

დიდი აფეთქების შემდეგ, სამყაროში არსებული მთელი გაზი შედგებოდა ან წყალბადის, ან ჰელიუმისგან, რომლებმაც თავის მხრივ წარმოქმნეს სამყაროს პირველი ვარსკვლავები. სხვა ელემენტები, მაგალითად, ჟანგბადი, ნახშირბადი ან მაგნიუმი მხოლოდ მოგვიანებით წარმოიქმნა, ვარსკვლავების სხვადასხვა თაობაში, სინთეზის მექანიზმით.

ამ გვიანდელი სინთეზის მექანიზმის მემკვიდრეობა დღეს ჩვენ გარშემოა, რადგან მძიმე ელემენტთა არსებით პროპორცია შემჩნეული იყო ჩვენი გალაქტიკის ყველა სფეროსებრ გროვაში. თუმცა, ასე იყო მხოლოდ ამ დრომდე.

ამ ქიმიურ ზღვარს, რასაც მეტალიანობის ძირს უწოდებენ, ფენიქსის გროვა არ ემორჩილება. მის ვარსკვლავებში იმაზე ნაკლები მძიმე ელემენტებია, რაც თეორიულად შესაძლებლად მიგვაჩნდა ასეთი კოსმოსური სტრუქტურებისათვის.

„ეს ნაკადი მომდინარეობს გროვიდან, რომელიც ჩვენი წარმოდგენით, საერთოდაც არ უნდა არსებობდეს“, — ამბობს ავსტრალიის მაკუორის უნივერსიტეტის ასტრონომი დენიელ ზაკერი.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის მიერ „სამხრეთის ვარსკვლავური ნაკადების სპექტროსკოპიული კვლევის თანამშრომლობის“ ფარგლებში ჩატარებული დაკვირვებებისას გამოვლინდა, რომ მასში მეტალიანობა არსებითად დაბალია ემპირიულ მეტალიანობის ძირზე.

ამ დრომდე, მეტალიანობის ძირი გამოსადეგი გზა იყო ყველა დღევანდელ სფეროსებრ გროვაში შემჩნეული სამეცნიერო მუდმივას კლასიფიცირებისთვის. ახლაც ასეა, მაგრამ ფენიქსის ნაკადი არ გახლავთ თანამედროვე სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა.

მკვლევართა ჯგუფის აზრით, ის შეიძლება ერთადერთი გადარჩენილიც იყოს — ადრეული სამყაროს წარსულის ციური გადმონაშთი, იმ დროის, როდესაც ვარსკვლავები სხვანაირად კაშკაშებდნენ.

„ერთ-ერთი შესაძლო ახსნა გახლავთ ის, რომ ფენიქსის გროვა მისი სახეობის ბოლო წარმომადგენელია, იმ სფეროსებრ ვარსკვლავთგროვათა ნაშთი, რომლებიც დღევანდელისგან რადიკალურად განსხვავებულ გარემოში დაიბადნენ“, — ამბობს კარნეგის ობსერვატორიების ასტრონომი ტინგ ლი.

რა თქმა უნდა, რჩება უამრავი კითხვა. თუ ფენიქსის ნაკადი ადრეული სამყაროს გადმოაშთია, არის თუ არა ის ერთადერთი? იმალებიან თუ არა გალაქტიკური ჰალოს უკიდეგანო სივრცეებში სხვებიც?

„ასტრონომიაში, როდესაც ახალი სახის ობიექტს ვპოულობთ, მივიჩნევთ, რომ მისი მსგავსი სხვებიც არსებობს“, — ამბობს ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ასტრონომი ჯეფრი სიმპსონი.

 

თუ გალაქტიკის კიდეებში სხვა ასეთი ძველი მოგზაურებიც დაჰქრიან, ოდესმე მათაც აუცილებლად ვიპოვით. სფეროსებრი ვარსკვლავთგროვების მსგავსად, უკვდავი არც ვარსკვლავური ნაკადებია. მას შემდეგ, რაც ისინი ვარსკვლავური სიმების სახით გაიჭიმება, მათი დაშლა და გალაქტიკაში მიმოფანტვა მხოლოდ დროის საკითხია.

„ვინ იცის, ფენიქსის ნაკადის მსგავსი რამდენი რელიკვია შეიძლება იმალებოდეს ირმის ნახტომის ჰალოში? ერთი მათგანი უკვე ვიპოვეთ და ნადირობა გრძელდება“, — ამბობს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ასტრონომი დიდერიკ კრაისენი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია carnegiescience.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი