ადგილი, საიდანაც მსოფლიოში აივ-ინფექცია გავრცელდა
ადგილი, საიდანაც მსოფლიოში აივ-ინფექცია გავრცელდა

მომაკვდინებელი დაავადებები ხშირად ჩნდება და ქრება. მაგალითად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვესმის ებოლას შესახებ, რომელსაც უცბად სხვა დაავადება ანაცვლებს.

თუმცა, არის ერთი გამონაკლისი, რომელიც ამ თითქოს ნორმაში არ ჯდება. ეს გახლავთ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ).

აივ-ის გავრცელების ამბავი საუკეთესო თემაა სატელევიზიო დრამებისთვის.

ყველაფერი 1920-იან წლებში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში დაიწყო. თუმცა, იმ დროისთვის ეს ქვეყანა ბელგიის კოლონია იყო, კინშასას კი ლეოპოლდვილი ერქვა.

ბელგიის კონგოს დედაქალაქში მაშინ ბევრი ბედისმაძიებელი ახალგაზრდა მიდიოდა, უკეთესი მომავლის იმედით. შესაბამისად, მათთან ერთად გამოჩნდა რკინიგზა და სექსმუშაკებიც.

ტრანსპორტირების სწორედ ეს ორი გზა გამოიყენა ინფექციამ გავრცელებისთვის. ადგილი მართლაც ხელსაყრელი იყო და აივ-საც ხელს არაფერი უშლიდა, პანდემიურად გავრცელდა.

ირონია კი ის არის, რომ აივ-1 M ჯგუფი — აივ-ის ტიპი, რომელიც სათავეს კონგოში იღებს, პასუხისმგებელია გლობალური ინფექციის 90 პროცენტზე; აივ-ის კიდევ ერთი ტიპი — აივ-1 O ჯგუფი კი, რომელიც სათავეს იქვე ახლომახლოდან იღებს, მხოლოდ დასავლეთ აფრიკაში გავრცელდა და იქვე დარჩა.

გამომდინარე აქედან, ამ დაავდების გლობალურად გავრცელება უფრო შესაძლებლობებზეა დამოკიდებული და არა ფუნქციაზე.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრის, ნუნო ფარიას განცხადებით, მის სწრაფ გავრცელებას უფრო ეკოლოგიური ფაქტორები მართავს, ვიდრე ევოლუციური.

ამ დასკვანმდე ფარია და მისი კოლეგები მას შემდეგ მივიდნენ, რაც აივ-ის ოჯახური ხე ააგეს, რისთვისაც ცენტრალურ აფრიკაში ინფიცირებული 800 ადამიანის გენომი აიღეს.

ორი გენომის თანმიმდევრობის შედარებისა და მათში არსებული სხვაობების დათვლის შემდეგ, ჯგუფმა განსაზღვრა, როდის იზიარებდნენ ისინი ბოლო საერთო წინაპარს.

საბოლოოდ, ფარიამ დაადგინა, რომ აივ-ის ყველა გენომს საერთო წინაპარი ჰყავს და ის დაახლოებით 100 წლის წინ არსებობდა. შედეგად, მკვლევრები დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი 1920-იან წლებში დაიწყო.

ამ ინფორმაციის საფუძველზე, მათ იმ კონკრეტულ ქალაქსაც მიაგნეს, საიდანაც ვირუსი გავრცელდა — კინშასა, თანამედროვე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი.

მსგავსი გენეტიკური ანალიზები დღესაც მიმდინარეობს, რაც მეცნიერებს დაეხმარება განსაზღვრონ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ინტერვენციის ის წერტილები, რომლებიც ამ ინფექციის გავრცელების შემცირებაში დაგვეხმარება. როცა უკვე ვიცით, საიდან მოდის დაავადება, უფრო მარტივდება იმის გარკვევა, სად შეიძლება ის ბოლოსდაბოლოს დასრულდეს.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით.