უნიკალური სამედიცინო მკურნალობის შემდეგ, ამერიკელი ქალი აივ ინფექციისგან სრულად განიკურნა — #1tvმეცნიერება
უნიკალური სამედიცინო მკურნალობის შემდეგ, ამერიკელი ქალი აივ ინფექციისგან სრულად განიკურნა — #1tvმეცნიერება

ათი წლის წინ, ანონიმ ამერიკელ ქალს აივ ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს. იმ ათობით ათასი ამერიკელის მსგავსად, რომლებსაც ყოველწლიურად უსვამენ აივ დადებით დიაგნოზს, ისიც ანტივირუსული თერაპიების წინაშე აღმოჩნდა, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ეტარებინა, რათა ვირუსს იმუნური სისტემის განადგურების საშუალება არ მისცემოდა.

თუმცა, დღეს მას ეს უკვე აღარ ეხება.

პაციენტი იმ უიშვიათეს ადამიანთა შორის არის, რომლებიც ამ ვირუსისგან სრულად განიკურნნენ. ამას გარდა, მისი განკურნება დიდი იმედია მრავალი სხვა პაციენტისათვის.

ამერიკელ მკვლევართა ჯგუფი, რომელიც პროგრამა International Maternal Pediatric Adolescent AIDS Clinical Trials Network-ის (IMPAACT) ფარგლებში მუშაობს, იუწყება, რომ შუახნის პაციენტი სისხლის კიბოს რევოლუციური სამკურნალო საშუალებით მკურნალობიდან ოთხი წლის თავზე უკვე ვირუსისგან თავისუფალია.

ამ დროისათვის, აივ ინფექციისგან განკურნების ორი შემთხვევა იყო დადასტურებული; ორივე მათგანის შემთხვევაში ლეიკემიის მკურნალობისას, დონორებისგან ისეთი ძვლის ტვინის გადანერგვით მოხდა, რომელსაც აივ-ის მბლოკავი მუტაციები ჰქონდა.

ერთი მათგანი იყო „ბერლინელი პაციენტის“ სახელით ცნობილი მამაკაცი, რომელიც განკურნებიდან ათი წლის შემდეგ, 2020 წელს გარდაიცვალა კიბოთი. მეორე გახლდათ „ლონდონელი პაციენტი“, რომელიც ვირუსისგან ორი წლის წინ განიკურნა.

ამ ორი პაციენტის მსგავსად, უახლესი შემთხვევის გმირ ქალსაც სისხლის კიბოს დიაგნოზი ჰქონდა. 2017 წელს მას მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML) დაუდგინდა, სიცოცხლისათვის საშიში დაავადება, რომელიც ძვლის ტვინს აზიანებს.

პაციენტი რომ თეთრკანიანი ყოფილიყო, მას შესაფერისი ქსოვილის მქონე დონორის პოვნის უფრო მაღალი შანსი ექნებოდა, რადგან დონორთა სიაში სწორედ თეთრკანიანები დომინირებენ.

თუმცა, ქალი შერეული რასის იყო და სპეციალისტებმა ღეროვანი უჯრედების სხვა წყაროს მიმართეს, რომელსაც პოტენციურად უნდა უზრუნველეყო ახალი, ჯანმრთელი ძვლის ტვინის წარმოქმნა — ჭიპლარის სისხლს.

ტრანსპლანტი ქსოვილების უმეტესობისგან განსხვავებით, ახალშობილის ჭიპლარის სისხლი არ მოითხოვს სრულყოფილ იმუნოლოგიურ დამთხვევას მასპინძელსა და დონორს შორის. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, მსოფლიოში ლეიკემიით დაავადებულმა 35 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ჭიპლარის სისხლის დონაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ჭიპლარის სისხლი მწვავე მიელოიდური ლეიკემიის მკურნალობის ძირითადი არჩევანია, კვირები სჭირდება, რომ ორგანიზმს მოერგოს და საკმარისი ოდენობის თეთრი უჯრედები წარმოქმნას ინფექციების შესაკავებლად. შედეგად, ის არც ისე კარგი არჩევანია.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად, პაციენტის სამედიცინო ჯგუფმა ორმხრივი სტრატეგია შეიმუშავა — სისხლის გადასხმა თავსებადი ნათესავისგან, რათა მომხდარიყო მისი დროებითი თავდაცვა, და ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები, რომლებსაც შეუძლიათ ნელა წარმოქმნან თეთრი უჯრედები.

ალბათ იღბალს უნდა მიეწეროს ის, რომ პაციენტის მიერ მიღებულ ჭიპლარის ღეროვან უჯრედებს დამატებითი „ტალანტი“ აღმოაჩნდათ. მათი დნმ CCR5 დელტა-32 მუტაციის ორ ასლს შეიცავდა.

ეს მცირე გენეტიკური სხვაობა CCR5 კორეცეპტორის ექსპრესიას ცვლის. CCR5 კორეცეპტორი აივ ინფექციის უმეტესი შტამისთვის სხეულის უჯრედებში შესვლის მთავარ კარიბჭეს წარმოადგენს. სისხლის თეთრ უჯრედებზე ადვილად ხელმისაწვდომობის გარეშე, ვირუსს მათში შესვლა და განადგურება არ შეუძლია.

გადანერგვიდან დაახლოებით სამ თვეში დადგინდა, რომ პაციენტი ქალის სისხლის ყველა თეთრი T-უჯრედი წარმოქმნილი იყო არა მისი ძველი ძვლის ტვინის ან ნათესავის სისხლის, არამედ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების მიერ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანს ჰქონდა CCR5 კორეცეპტორის დამცავი ვერსია, რაც სამუდამოდ დაბლოკავდა მის აივ ინფექციას.

მას შემდეგ, პაციენტმა ყველანაირი ანტირეტროვირუსული მკურნალობა შეწყვიტა, მაგრამ აღარ აღენიშნება აივ-ის აქტიურ ნაწილაკთა ნიშნები.

ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები ლეიკემიის მკურნალობაში გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე დონორის სისხლის ღეროვანი უჯრედების უფრო ტრადიციული ფორმები. პირველ რიგში, ამცირებს რეციდივის რისკს.

გარდა ამისა, ნაკლებია ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც ხშირია ძვლის ტვინის გადანერგვისას. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, პაციენტმა საავადმყოფო მკურნალობიდან 17 დღეში დატოვა.

უფრო ამაღელვებელი კი ის არის, რომ ჭიპლარის სისხლი უფრო შემწყნარებელია პაციენტსა და დონორს შორის თავსებადობის თვალსაზრისით, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე, ერთნაირ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ სხვადასხვა ეთნიკური და რასობრივი წარმომავლობის პაციენტები.

ამ ეტაპზე, ეს ახალი კვლევა განკურნების ნამდვილად ამაღელვებელი შესაძლებლობაა აივ ინფექციის მქონე ადამიანთათვის; აივ ინფექცია მიმდინარე პანდემიაა და მსოფლიოში დაახლოებით 40 მილიონ ადამიანს აქვს დადასტურებული.

თუმცა, ისეც არ უნდა გავიგოთ, რომ ახალი თერაპია ყველა აივ დადებითისთვის ხელმისაწვდომი იქნება, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში. თანმხლები რისკების გამო, ის ხელმისაწვდომი არჩევანია მხოლოდ სისხლის კიბოს მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც ბონუსად აივ ინფექციისგანაც შეიძლება განიკურნონ, თუ ინფიცირებულები არიან.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.