შექმნილია იმპლანტი, რომელიც ადამიანს აივ ინფექციისგან ერთი წლის განმავლობაში დაიცავს
შექმნილია იმპლანტი, რომელიც ადამიანს აივ ინფექციისგან ერთი წლის განმავლობაში დაიცავს

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) გადადების მაღალი რისკის წინაშე მყოფი ადამიანები დღეისათვის პრეექსპოზიციურ პროფილაქტიკურ მედიკამენტებს (PrEP) იღებენ. ეს წამალი მათ ვირუსის გადადებისგან იცავს, მაგრამ არა მთლიანად.

თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს შანსი, რომ ადამიანს ხანდახან დაავიწყდეს PrEP-ის დალევა, რაც მის ეფექტიანობას გაცილებით ამცირებს.

გლობალურ ბიოფარმაცევტულ კომპანია „მერკს“ (Merck) მიაჩნია, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზა უკვე იპოვა. საქმე ეხება იმპლანტს, რომელსაც ორგანიზმში აივ-ის ერთი წლის პრევენციისთვის საკმარისი სამკურნალო საშუალება შეაქვს და შესაბამისად, საჭირო აღარ არის ყოველდღიურად აბების სმა.

„მერკის“ აივ-ის იმპლანტი დიდად არ განსხვავდება ორსულობის საწინააღმდეგო იმპლანტისგან. არის დაახლოებით ასანთის ღერის ზომის და თავსდება ადამიანის მხარზე, კანქვეშ.

რამდენიმე დღის წინ, კომპანიამ იმპლანტის კლინიკური კვლევების პირველი ფაზის შედეგები წარმოადგინა. „მერკის“ განცხადებით, საშუალება საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა აივ-ის გადადების წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ცდა მხოლოდ 12 მამაკაცზე ჩატარდა და 12 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, კომპანია „მერკი“ პრესრელიზში აღნიშნავს, რომ შედეგებით საკმაოდ შეგულიანებულია.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფოსი, რომელიც ცდებში ჩართული არ ყოფილა, შეფასებისას ფრთხილობს, მაგრამ საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„თუკი უფრო დიდი ცდა დაადასტურებს, რომ იმპლანტს ორგანიზმში აივ-ისგან ერთი წლის განმავლობაში დაცვისათვის საკმარისი წამალი შეაქვს, ამ სეგმენტში სრულიად შეიცვლება თამაშის წესები“, — განუცხადა ფოსიმ The New York Times-ს.

დატოვე კომენტარი