Moderna აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე ცდებს იწყებს — #1tvმეცნიერება
Moderna აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე ცდებს იწყებს — #1tvმეცნიერება

კომპანია Moderna უახლოეს დღეებში აივ ინფექციის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული mRNA ვაქცინის ცდებს დაიწყებს. ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტიც კლინიკური ცდების რეესტრში გაკეთებული განაცხადიდან ვიგებთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლინიკური ცდების პირველ ფაზაში მონაწილეობას მიიღებს 18-დან 50-წლამდე ასაკის 56 ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი, რომლებსაც აივ ინფექცია არ აქვთ. ასე შემოწმდება ვაქცინის უსაფრთხოება და საბაზისო იმუნური პასუხი. ვაქცინის კანდიდატი ფუნქციურად იგივეა, რაც ის mRNA სისტემა, რომელიც ასე წარმატებული აღმოჩნდა Moderna-ს მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილ ვაქცინაში.

მეცნიერები mRNA ვაქცინის პოტენციალს უკვე წლებია სწავლობენ, მაგრამ Pfizer-ისა და Moderna-ს კოვიდვაქცინები პირველია, რომლებიც ადამიანებში გამოიყენეს და ორივემ აჩვენა როგორც უსაფრთხოება, ისე დიდი წარმატება SARS-CoV-2-ის ინფექციის პრევენციისა და სიმწვავის შემცირების თვალსაზრისით.

Moderna ცდაში ჩაუშვებს ახალი კანდიდატი ვაქცინის ორ ვერსიას, რომლებსაც mRNA-1644-ს და mRNA-1644v2-Core-ს უწოდებს. ეს გახლავთ აივ ინფექციის საწინააღმდეგო პირველი mRNA ვაქცინა, რომელსაც ადამიანებში გამოცდიან.

ცდებში ოთხი ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას — ორი ჯგუფი ვაქცინის ვერსიების ნარევს მიიღებს, დანარჩენი ორი კი ერთს ან მეორეს.

ასე ადრეულ ეტაპზე, ცდა „ბრმა“ არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას, ვინც ვაქცინას მიიღებს, ეცოდინება, რაც მიიღო. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ ეტაპზე, მკვლევრები არ ცდილობენ ვაქცინის სათანადოდ კარგად მოქმედების განსაზღვრას. პირველი ფაზა დაახლოებით ათ თვეს გაგრძელდება და მკვლევართა მიზანია დარწმუნდნენ მის უსაფრთხოებასა და საბაზისო იმუნური პასუხის წარმოქმნაში.

თუ ვაქცინა ცდების ამ ფაზას გაივლის, რჩება მე-2 და მე-3 ფაზა, რომლებშიც განისაზღვრება, რამდენად კარგად ახდენს ის ფართო პოპულაციაში აივ ინფექციის პრევენციას.

შესაბამისად, საინტერესოა, რა პრინციპით მუშაობს mRNA ვაქცინა? ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, რომლებიც როგორც წესი, დასუსტებული ან ინაქტივირებული ვირუსის გარკვეულ ნაწილს შეიცავენ, mRNA ვაქცინა შეიცავს „ინსტრუქციის ბუკლეტს“, რომელიც ჩვენს უჯრედებს გადაეცემა ეუბნება, როგორ წარმოქმნან იმ სპეციფიკური ცილების ფრაგმენტები, რომლებიც სამიზნე ვირუსის ზედაპირზე გვხვდება.

დროის მოკლე მონაკვეთში (ძირითადად 24-48 საათში), ჩვენი უჯრედები ამ ცილების წარმოებას იწყებენ; ჩვენი სხეული მათ უცხო სხეულებად აღიქვამს და იმუნურ პასუხს წარმოქმნის. შედეგად, როდესაც თქვენს ორგანიზმში ნამდვილი ვირუსი მოხვდება, თქვენი სხეული მის ცილებს ამოიცნობს და სწრაფად დაიწყებს მასთან ბრძოლას, იქამდე, ვიდრე ინფექცია ზედმეტად გამწვავდება.

Moderna-ს განცხადებით, მისმა ვაქცინამ ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულები (bnAb) უნდა წარმოქმნას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც საქმე აივ ინფექციას ეხება.

ამჟამად საკმაოდ კარგი ანტივირუსული პრეპარატები არსებობს აივ ინფექციის სამკურნალოდ და ინფიცირების რისკის შესამცირებლად.

თუა, ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა მეტად რთული აღმოჩნდა იმის გამო, რომ ის ძლიერ სწრაფად აინფიცირებს ჩვენს დნმ-ს და ადვილად ახდენს საკუთარი სტრუქტურის მუტაციას.

ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე იმედისმომცემი მიდგომაა ამ ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულების სტიმულირება, რაც ზოგიერთ ადამიანს ბუნებრივად უვითარდება აივ ინფექციის წინააღმდეგ, მაგრამ მისი გამოწვევა ვაქცინით ამ დრომდე ვერ შევძელით.

თუმცა, mRNA მიდგომა შეიძლება სრულიად სხვანაირი იყოს. წლის დასაწყისში, შიდს-ის ვაქცინის საერთაშორისო ინიციატივისა და Scripps Research-ის ერთობლივმა კვლევამ mRNA ვაქცინის კანდიდატის კომპონენტი, იმუნოგენი გატესტა, მაგრამ ამისათვის არ გამოუყენებია mRNA სისტემა.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის კანდიდატმა არ წარმოქმნა საჭირო სრული იმუნური პასუხი, მონაწილეთა 97 პროცენტს განუვითარდა სასურველი იმუნური პასუხი — B-ლიმფოციტების ადრეული სტიმულირება.

„ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ, ჩვენ და სხვებიც პოსტულატად მივიჩნევდით, რომ ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულების (bnAb) გამოწვევა უნდა დაწყებულიყო შესაფერისი B-ლიმფოციტების გამოწვევის პროცესით — ამ უჯრედებს აქვთ ის სპეციალური თვისებები, რაც მათ bnAb ანტისხეულთა წარმომქმნელ უჯრედებად გადაქცევის პოტენციალს აძლევს“, — ამბობდა თებერვალში Scripps Research-ის ჯგუფის ხელმძღვანელი, იმუნოლოგი უილიამ შიფი.

მისივე განცხადებით, ამ ცდაში მიზანში ამოღებული უჯრედები დაახლოებით მილიონში ერთი იყო მთელი ყველა B-ლიმფოციტებიდან. შესაბამისი ანტისხეულური პასუხის მისაღებად, პირველ რიგში საჭიროა შესაფერისი B-ლიმფოციტების შერჩევა. შიფის თქმით, ამ ცდის მონაცემები ადასტურებს, რომ ვაქცინა-იმუნოგენს ეს შეუძლია.

იგივე იმუნოგენი იქნება ახლა გამოყენებული ახალ ცდაში, Moderna-ს mRNA სისტემასთან კომბინაციით, რომელიც ასე წარმატებული აღმოჩნდა SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ეს კომბინაცია წარმოქმნის ფართოდ გამანეიტრალებელ ანტისხეულებს, რომლებსაც პირველ რიგში აივ ინფექციასთან ბრძოლა შეეძლებათ, მაგრამ ამავე დროს, მომავალში შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს სხვა ვირუსების წინააღმდეგაც. ახალი ცდა ბილ და მელინდა გეიტსების ფონდთან პარტნიორობით მიმდინარეობს.

2021 წლის აპრილში Moderna-მ ასევე განაცხადა, რომ mRNA-1644-ის გარდა, ქმნის აივ ინფექციის კიდევ ერთ კანდიდატ ვაქცინას, სახელად mRNA-1574. ამავე დროს, მუშაობს სხვა mRNA ვაქცინებზეც ისეთი ვირუსების წინააღმდეგ, როგორებიც არის ჰერპესის ვირუსი და გრიპი.

მაშინ, როდესაც მსოფლიოში COVID-19-ის პანდემია მძვინვარებს, ნამდვილად იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ მასთან საბრძოლველად შექმნილი ზოგიერთი ტექნოლოგია შეიძლება მომავალშიც დაგვეხმაროს სხვა გამანადგურებელ ვირუსთა პრევენციაში.

Moderna-ს კლინიკური ცდების პირველი ფაზის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.