აივ ინფექციის შემთხვევებმა მსოფლიოში 1980-იანი წლების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია — #1tvმეცნიერება
გაერო-ს ცნობით, აივ-ინფექციით ამჟამად უფრო ცოტა ადამიანი ინფიცირდება, ვიდრე ნებისმიერ სხვა პერიოდში 1980-იანი წლების შემდეგ — როცა ეს ვირუსი გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, შემცირება მაინც ნელა მიმდინარეობს.
გაერო-ს სააგენტო UNAIDS-ის ახალი მოხსენების თანახმად, 2023 წელს ამ ინფექციით მსოფლიოში დაახლოებით 1,3 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.
თუმცა, ეს მაჩვენებელი მაინც სამჯერ მაღალია, ვიდრე გარეო-ს მიზანი, რომლის მიღწევაც ორგანიზაციას 2030 წლისთვის სურს და რომელიც შიდს-ს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხეს დაასრულებს.
შარშან მსოფლიოში შიდს-თან დაკავშირებული დაავადებებით დაახლოებით 630 000 ადამიანი დაიღუპა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2004 წლის პიკის შემდეგ; მაშინ დაავადებას 2,1 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.
პროგრესი დიდწილად განპირობებულია ანტირეტროვირუსული პრეპარატებით, რომლებიც პაციენტის სისხლში ვირუსის რაოდენობას ამცირებს.
სააგენტოს მოხსენების თანახმად, ამჟამად მსოფლიოში აივ-ით ინფიცირებულია თითქმის 40 მილიონი ადამიანი, რომელთაგან დაახლოებით 9,3 მილიონი პრეპარატებს არ იღებს.
მიუხედავად გლობალური პროგრესისა, 28 ქვეყანაში შარშან აივ-ინფექციის ზრდა დაფიქსირდა.
მოხსენების თანახმად, ამ ქვეყნებში ძალიან დაბალია პროგრესი პრევენციული პრეპარატის, Pre-Exposure Prophylaxis (PrEP)-ის ხელმისაწვდომობაზე.
„ამ ქვეყნებში PrEP-ს მისი საჭიროების მქონე ადამიანთა მხოლოდ 15 პროცენტო იღებდა“, — აღნიშნულია მოხსენებაში.
UNAIDS-ის დირექტორის მოადგილის, ქრისტინე სტეგლინგის განცხადებით, პროგრესი განაპირობა ბიოსამედიცინო მიღწევებმა, ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრესმა და საზოგადოებრივმა აქტივიზმმა.
„თუმცა, ადამიანის უფლებებში რჩება დიდი ნაპრალები და სწორედ ეს ნაპრალები უშლის ხელს მსოფლიოს შიდს-ის დასრულებაში“, — ამბობს იგი.
მისივე განცხადებით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, 2030 წლის შემდეგაც კიდევ მრავალ წელს იქნება მსოფლიოში აივ-ით ინფიცირებული გაცილებით მეტი ადამიანი.
UNAIDS-ი ხაზს უსვამს, როგორ ახდენს კანონები და პრაქტიკა აივ-ინფიცირებულთა დისკრიმინაციას და სტიგმატიზებას, რაც ხელს უშლის ამ დაავადებასთან ბრძოლას.
ამის მაგალითად მოჰყავს შარშან უგანდაში ძალაში შესული ანტიჰომოსექსუალური აქტი, ერთ-ერთი ყველაზე ანტიგეი კანონი მთელ მსოფლიოში, რომელმაც ამ ქვეყანაში მკვეთრად შეამცირა PrEP-ზე ხელმისაწვდომობა.
ერთ-ერთი ახალი პრეპარატი, რომლის ადრეულმა ცდებმაც დაადასტურა, რომ ის ასი პროცენტით ეფექტიანია აივ-ინფექციის პრევენციაში, ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში თამაშის წესების შესაცვლელად შერაცხეს.
თუმცა, საკმაოდ მაღალია მისი ფასი — მწარმოებელი, ფარმაცევტული კომპანია Gilead-ი ერთი ადამიანის წლიურ დოზას 40 000 დოლარად ყიდის.
გასულ თვეში, Gilead-მა ხელშეკრულებები გააფორმა გენერიკულ პრეპარატთა მწარმოებლებთან, რომლებიც ამ პრეპარატს დაამზადებენ და დაბალ ფასში გაყიდიან ზოგიერთ დაბალშემოსავლიან ქვეყანაში.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.