მეცნიერებმა საბოლოოდ დაადგინეს, როგორ აღწევს აივ-ინფექცია უჯრედის ბირთვში — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა საბოლოოდ დაადგინეს, როგორ აღწევს აივ-ინფექცია უჯრედის ბირთვში — #1tvმეცნიერება

მეცნიერებმა მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს — დაადგინეს, როგორ არღვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, იგივე აივ-ინფექცია უჯრედის ბირთვს, რაც შემდეგ მას გამრავლებისა და გავრცელების საშუალებას აძლევს.

ეს პროცესი ამ დრომდე გარკვეულწილად ბურუსით იყო მოცული. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს აივ-ინფექციისა და სხეულზე მისი გავლენის უკეთესად შესწავლას. საბოლოოდ კი, ამან უკეთესი სამკურნალო საშუალებების შექმნა უნდა განაპირობოს.

იმის გასარკვევად, ზუსტად როგორ შედის აივ-ინფექცია უჯრედის ბირთვში, მეცნიერებმა სიმულაციები ათასობით ცილაზე ჩაატარეს — აკვირდებოდნენ აივ-ის კაფსიდს (ვირუსის ცილოვანი გარსი) და უჯრედის ბირთვის ფორის კომპლექსს, ანუ ერთგვარ „საფოსტო ყუთს“, რომლის მეშვეობითაც იგზავნება და მიეწოდება გენეტიკური ინფორმაცია.

„ფორის კომპლექსი აპარატის საოცარი ნაწილია. თქვენი უჯრედის ბირთვში ყველაფერს არ უშვებს, თორემ ნამდვილად ცუდ დღეში აღმოჩნდებოდით. თუმცა, რაღაცები მაინც ეპარება. აივ-ის კაფსიდმა როგორღაც გაარკვია, როგორ შეაღწიოს მასში. პრობლემა ისაა, რომ ამას მოქმედებაში ვერ ვუყურებთ: ნამდვილი საგმირო ექსპერიმენტული ძალისხმევა უნდა გაიღო, რომ სულ ერთი მომენტი მაინც დააფიქსირო რეალურ დროში“, — ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ქიმიკოსი გრეგორი ვოთი.

სიმულაციებმა ცხადყო, რომ აივ-ის კაფსიდი ჯერ იჭრება ყველაზე პატარა დაბოლოებაში, შემდეგ კი იყენებს ე. წ. ელექტროსტატიკურ კბილანას. მკვლევრები ამას მანანის ღვედს ადარებენ, რომელიც სულ უფრო და უფრო მჭიდროდ ეჭირება.

კიდევ ერთი საკვანძო აღმოჩენა ის იყო, რომ კაფსიდისა ფორის ელასტიკურობა და დეფორმაცია გადამწყვეტია კაფსიდის შესასვლელად. კაფსიდი ივითარებს ნაკლებად მოწესრიგებული მოლეკულების მქონე რეგიონებს, რათა დაიტიოს ზედმეტი წნევა; მკვლევართა აზრით, სწორედ ამან შეიძლება ახსნას მათი კონუსის მსგავსი ფორმა.

ამ დრომდე, მეცნიერები დარწმუნებული არ იყვნენ, რჩებოდა თუ არა კაფსიდი სრულად ხელუხლებელი, როცა ის ფორის კომპლექსში შედიოდა. უკეთესი ცნობები იმის შესახებ, თუ რა ხდება იქ, ხელს შეუწყობს უჯრედულ ურთიერთქმედებათა უკეთესად შესწავლას.

„ვფიქრობ, ეს მოდელირება ასევე გვაძლევს ახალ გზას იმის გასაგებად, თუ რამდენი რამ აღწევს ბირთვში, არა მხოლოდ აივ-ი“, — ამბობს ვოთი.

ეს მხოლოდ ერთი გზაა ინფექციის პროცესში არსებული რამდენიმედან, მაგრამ მიჩნეულია, რომ სწორედ ისაა გადამწყვეტი გზა, რომლითაც აივ-ინფექცია საკუთარ თავს ინარჩუნებს მასპინძლის სხეულში. თუკი ამ გზის შეჩერებას შევძლებთ, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ამ ვირუსისგან სრულად განკურნების გზის პოვნისკენ.

სამკურნალო საშუალება, რომელიც როგორღაც შეაფერხებს ინფიცირების ამ მზაკვრულ მეთოდს, შეამცირებს აივ-ინფექციის გადარჩენის შანსს; როგორც მკვლევრები ამბობენ, არსებობს ამის რამდენიმე პოტენციური გზა.

„მაგალითად, შეგვიძლია ვცადოთ, რომ აივ-ის კაფსიდი ნაკლებად ელასტიკური გავხადოთ, რაც როგორც ჩვენი მონაცემები მიუთითებს, შეაფერხებს უჯრედის ბირთვში მისი შესვლის უნარს“, — ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ქიმიკოსი არპა ჰუდაიტი.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.uchicago.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.