ასტრაზენეკას ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელის განცხადებით, დელტა ვარიანტი კოლექტიურ იმუნიტეტს შეუძლებელს ხდის — #1tvმეცნიერება
ასტრაზენეკას ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელის განცხადებით, დელტა ვარიანტი კოლექტიურ იმუნიტეტს შეუძლებელს ხდის — #1tvმეცნიერება

ოქსფორდი/ასტრაზენეკას ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელის განცხადებით, დელტა ვარიანტმა კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევი განტოლება შეცვალა.

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში გამართული შეხვედრისას, ოქსფორდის უნივერსიტეტის პედიატრიულ ინფექციათა და იმუნიტეტის პროფესორმა, სერ ენდრიუ პოლარდმა განაცხადა, რომ კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა ახლა უკვე შეუძლებელია, რადგან დელტა ვარიანტი ცირკულირებს.

„ძლიერ მკაფიოდ ვიცით, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტი მაინც დააინფიცირებს ვაქცინირებულ ადამიანებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერს, ვინც ჯერ კიდევ აუცრელია, გარკვეულ მომენტში ვირუსი შეხვდება“, — აღნიშნა პოლარდმა.

მისივე განცხადებით, კოლექტიური იმუნიტეტის ოდესმე მიღწევის საკითხი ისედაც ნაკლებად სავარაუდო იყო და კორონავირუსის შემდეგი ვარიანტი ალბათ კიდევ უფრო უკეთესად შეძლებს ვაქცინირებულ პოპულაციებში გავრცელებას.

ზოგიერთ ექსპერტს იმედი ჰქონდა, რომ COVID-19-ისადმი კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა შესაძლებელი იყო, როგორც ეს ასევე ძლიერ ინფექციური წითელას შემთხვევაშია.

წითელას წინააღმდეგ კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა მრავალმა ქვეყანამ მოსახლეობის 95 პროცენტის ვაქცინირებით შეძლო, მაგალითად, აშშ-მა, სადაც ენდემური გავრცელება 2000 წელს დასრულდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ წითელაზე აცრილ ადამიანს ვირუსის მიღება-გავრცელება აღარ შეუძლია.

COVID-19-ის შემთხვევაში, ვაქცინები მაინც ასრულებენ თავიანთ ძირითად დანიშნულებას: გვიცავენ დაავადების გამწვავებისგან. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, დელტა ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანებს დაავადების გამწვავების ან სიკვდილის 25-ჯერ ნაკლები შანსი აქვთ. ინფიცირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა კი უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომებით იქნება.

თუმცა, სულ უფრო ბევრი მტკიცებულება მიუთითებს, რომ დელტა ვარიანტით ინფიცირების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებული ადამიანები ვირუსს მაინც ავრცელებენ.

„არაფერი გაგვაჩნია, რითაც სხვა ადამიანებისთვის ვირუსის გადადებას შევაჩერებთ“, — აღნიშნა პოლარდმა.

ამის კარგია მაგალითია ისრაელი: ზრდასრული მოსახლეობის 80 პროცენტის აცრის შემდეგ, COVID-19-ის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა, გაჩნდა კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევის იმედიც, მაგრამ შემდეგ დელტა ვარიანტი გამოჩნდა და შემთხვევათა რაოდენობამაც იმატა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.