2021 წლის განმავლობაში საქართველოში აივ ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
2021 წლის განმავლობაში საქართველოში აივ ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ შესაბამის პერიოდში 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

2021 წლის 16 აგვისტოს მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8 980 აივ ინფიცირებული პირი. მათგან 6 709 მამაკაცია, 2 271 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 441 პაციენტს განუვითარდა. 1 862 გარდაიცვალა.

16 აგვისტოს მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 5 629 (მათგან 631 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 45 ბავშვია (მათ შორის 10 აფხაზი ბავშვი).

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 35.4 პროცენტი (3180) ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.9 პროცენტი (4481) დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.4 პროცენტი (1115) – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 პროცენტი (113) დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 პროცენტი (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.5 პროცენტში (50) – გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3 367 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, ორი დაუდგენელი); სამეგრელოში 1 212; შემდეგ იმერეთში 1 079; აჭარაში 1 023; კახეთში (449) ქვემო ქართლში (515); შიდა ქართლში (337); გურიაში (190); სამცხე-ჯავახეთში (122) და ა.შ.

საქართველოში სულ გამოვლენილია 120 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 – ვაჟი, 48 – გოგონა. 30 გარდაიცვალა. სამი გავიდა ქვეყნიდან.