ხვალ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გაიმართება - 20 მიზანი 2020 წლისთვის
ხვალ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გაიმართება - 20 მიზანი 2020 წლისთვის

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტი ბრიუსელში ხვალ, თბილისის დროით 12:00 საათზე გაიხსნება. მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და პროგრამის მონაწილე ექვსი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობის წევრები დაესწრებიან. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

როგორც სამიტის წინ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სამიტზე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.

პრიორიტეტულად კი დასახელებულია ოთხი საკითხი: 1. ძლიერი ეკონომიკა, რაც ეკონომიკის განვითარებას და ბაზრის შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას ითვალისწინებს; 2. ძლიერი მმართველობა, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას გულისხმობს; 3. ძლიერი კავშირები, რაც ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას უკავშირდება; 4. ძლიერი საზოგადოება, რაც მოქალაქეებს შორის კავშირების განმტკიცებას ეხება.

ამ პრიორიტეტების მიხედვით, განსაზღვრულია 20 ამოცანა, რომელთა შესრულებაც პარტნიორებს 2020 წლამდე მიზნად აქვთ დასახული:

1. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეტი ჩართულობა

2. გენდერული თანასწორობის ზრდა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა

3. სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერება, მედიაპლურალიზმისა და დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობა

ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები 

4. საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება; მცირე და საშუალო საწარმოების პოტენციალის ხელშეწყობა

  • დაგეგმილია სესხების გაცემა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ადგილობრივ ვალუტაში. იგეგმება ადგილობრივი ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც გაზრდის დაფინანსების ალტერნატივებს კერძო სექტორის შემდგომი განვითარებისთვის.

5. ფინანსების ხელმისაწვდომობისა და ფინანსური ინფრასტრუქტურის საკითხებში არსებული ხარვეზების გამოსწორება

6. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე

7. ციფრული ბაზრების ჰარმონიზაცია

  • ციფრული პაკეტი – 50 მილიონი ევრო. დაგეგმილია კონკრეტული ნაბიჯები როუმინგის ჰარმონიზებული ფასების და როუმინგის ტარიფების შემცირების მიმართულებით პარტნიორ ქვეყნებში. ციფრული პაკეტით გათვალისწინებული ზომები ხელს შეუწყობს ინტერნეტის უფრო მარტივ და იაფ ხელმისაწვდომობას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რეგიონებზე. 

8. რეგიონის შიდა ვაჭრობის მხარდაჭერა პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის

ინსტიტუტების გაძლიერება და სათანადო მმართველობა:

9. სამართლის უზენაესობა და ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერება

  • მმართველობის გაუმჯობესების მხარდასაჭერად გამოყოფილია 170 მილიონი ევრო.

10. ძირითადი სასამართლო რეფორმების განხორციელების მხარდაჭერა

11.  საჯარო ადმინისტრირების რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა

12. თანამშრომლობის გაძლიერება უსაფრთხოების საკითხებზე

კავშირები, ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება

13. ძირითადი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების გაფართოება

14. ენერგომომარაგების უსაფრთხოების ზრდა

15. ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ზრდა, სათბური აირების გაფრქვევის შემცირება

16. გარემოსა დაცვის ხელშეწყობა და კლიმატის ცვლილებების ზემოქმედებასთან მდგრადობის გაძლიერება

მობილურობა და ხალხთა შორის კონტაქტები 

17. წარმატება ვიზალიბერალიზაციის საკითხებში მოლაპარაკებების და მობილური თანამშრომლობის სფეროებში

18. ინვესტირების გაუმჯობესება ახალგაზრდების უნარებში, მეწარმეობისა და დასაქმების პოტენციალში

  • ახალგაზრდობის და განათლების პაკეტი – 340 მილიონი ევრო.
  • დაგეგმილია გაცვლითი პროგრამების და მობილურობის მეტი შესაძლებლობის გამოყენება, რაც საშუალებას მისცემს 80 000-ზე მეტ ახალგაზრდას, სტუდენტსა და აკადემიური სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელს, ისარგებლოს პროგრამით. ბოლო სამი წლის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 10 400 სტუდენტმა მიიღო განათლება ევროკავშირის ან აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებში.

19. აღმოსავლეთ პარტნიორობის სკოლის დაარსება

  • დაგეგმილია საქართველოში ევროპული სკოლის გახსნა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, რომლებიც ერთმანეთთან პლატფორმის საშუალებით იქნებიან დაკავშირებული.

20. აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის კვლევითი და ინოვაციების სისტემის და პროგრამების ინტეგრაცია.

გარდა ამისა, სამიტის ბოლოს გამოქვეყნდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მომზადებული ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც პარტნიორი ქვეყნების მიმართ ბრიუსელის მთავარი გზავნილები დაფიქსირდება.

ტექსტზე მუშაობა დასრულებულია. დოკუმენტი ხვალ გამოქვეყნდება.