დავით ზალკალიანი - ​ნატო-სა და ეუთო-ს მინისტერიალზე, პარტნიორობის სამიტზე ქვეყნის წარმატების აღიარება არის მკაფიო პასუხი ოპონენტებისთვის, თითქოს საქართველო გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან
დავით ზალკალიანი - ​ნატო-სა და ეუთო-ს მინისტერიალზე, პარტნიორობის სამიტზე ქვეყნის წარმატების აღიარება არის მკაფიო პასუხი ოპონენტებისთვის, თითქოს საქართველო გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებზე, რომელიც საგარეო პოლიტიკური კურსით გვქონდა. სამწუხაროდ, ოპონენტების მხრიდან მესმის უტიფარი განცხადებები, თითქოს ამ მიმართულებით წარმატება არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა და საგარეო პოლიტიკური კურსით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები აქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, შეფასებულია როგორც წარმატებული ასპირანტი ქვეყანა და პარტნიორების ამ შეფასების შემდეგ, ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს წარმატება აღარ აქვს საგარეო პოლიტიკური კურსით.

„პრემიერ-მინისტრმა შეაჯამა გასული წელი და საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული მიმართულება იყო სწორედ საგარეო პოლიტიკა. პრემიერმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებზე, რომელიც ჩვენ საგარეო პოლიტიკური კურსით გვქონდა. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები, იგივე მედიასაშუალებები – მე ძალიან გამიკვირდა, გამოვედი და ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსს და ის კითხვები, რაც დამისვეს, აბსოლუტურად აცდენილი იყო რეალობასთან, მაშინ, როდესაც ფაქტები აბსოლუტურად საწინააღმდეგოს მეტყველებს.

ბოლო თვეების განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე ვისაუბროთ. წარმატებული ნატო-ს მინისტერიალი, რომელზეც მიპატიჟებული იყო საქართველო და უკრაინა. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ჩვენს პროგრესზე. შედეგებზე აღარ მოვყვები, ბევრჯერ მისაუბრია, თუმცა როგორ ჩანს, მუდამ უნდა ვისაუბროთ ამ შედეგებზე, რადგან ჩვენს ოპონენტებს გავაგებინოთ, რომ ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და შეფასებული ვართ როგორც წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, ქვეყანა, რომელიც უკვე მოქმედებს როგორც წევრი და რომელსაც აქვს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც თითქმის თავსებადია სამოქმედო გეგმის. ეს ჩემი სიტყვები არ არის, პარტნიორების სიტყვებია. ამ შეფასების შემდეგ ოპონენტები გვეუბნებიან, რომ წარმატება აღარ გვაქვს საგარეო პოლიტიკური კურსით. ამას შემდგომ მოჰყვა ეუთო-ს მინისტერიალი. კარგად გაშუქდა თქვენი ტელევიზიის საშუალებით, ასევე სხვა ტელევიზიების საშუალებით და სამწუხაროდ, არ გაშუქდა ოპოზიციური ტელევიზიების საშუალებით ის შედეგები და მხარდამჭერი განცხადებები, რომლებიც გაკეთდა დეოკუპაციასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. იცით, რომ ეუთო-ს მინისტერიალზე თითქმის 57 დელეგაციის აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოზე და ძალიან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები გაჟღერდა და ეს იყო ჩვენი პასუხი ოპონენტებზე, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო გამქრალია საერთაშორისო თანამეგობრობის რადარებიდან. ეს არის ჩვენი პასუხი და ფაქტები, რა საგარეო წარმატებული პოლიტიკა გვაქვს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს იყო წლის მთავარი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლისთვისაც ქვეყანა მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდა.

„საბოლოოდ, გვირგვინი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ იყო, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი – ეს იყო წლის მთავარი საერთაშორისო მოვლენა, რომლისთვისაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდით. მერწმუნეთ, ადვილი არ არის, დაარწმუნო პარტნიორები, ქვეყნები, წევრი ქვეყნები იმაში, რომ ქვეყანა იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების, იმ სირთულეების ფონზე, რა სირთულეებიც გვაქვს, იგივე პანდემიის მიმართულებით, ოკუპირებული ტერიტორიიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე, რომ კიდევ ერთხელ იყოს აღიარებული, როგორც წარმატებული ასოცირებული ქვეყანა ტრიოს ფორმატში. ჩვენ შევძელით და ტრიოს ფორმატი დავაფიქსირეთ როგორც მიღებული ჩარჩო, რომელსაც აღიარებენ უკვე ჩვენი ევროპელი პარტნიორები.

ახალი განზომილება შემოვიტანეთ კონკრეტული ეკონომიკური მიმართულებით, დაკავშირებადობა, ქვეყნის ფიზიკური და სექტორული კუთხით ინტეგრაცია ევროკავშირში, რაც მოიტანს ხელშესახებ შედეგს, ისე როგორც სავიზო ლიბერალიზაციამ მოუტანა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თურმე საგარეო პოლიტიკური კურსით წარმატება არ გვაქვს. წარმოუდგენელია ჩემთვის, არ შემიძლია, ამაზე აღელვების გარეშე ვისაუბრო, როდესაც მესმის ასეთი უტიფარი განცხადებები ოპონენტების მხრიდან. მგონი, ჩვენი საზოგადოება არის ბრძენი და ამაზე მეტყველებს ის, რომ უკვე ბოლო 10 წლის განმავლობაში რვაჯერ გამოუტანეს განაჩენი. ის ყველა არჩევნები იყო ზუსტად პასუხი იმაზე, რა მიმართულებით გვაქვს ჩვენ წარმატება და რა კურსით უნდა იაროს ქვეყანამ მომავალში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.