რამდენიმე სურათი ჩეხეთის „საავტორო კითხვების თვის“ საღამოებიდან

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს რამდენიმე ფესტივალზე წასვლა მომიწია და ევროპასაც, ასე თუ ისე, გავუშინაურდი, მე მაინც „აღმოსავლელი“ კაცი ვარ: ირანში ან არაბულ ქვეყნებში ჩასული აეროპორტიდანვე თავს შინა ვგრძნობ და არაფერი მაშინებს. დასავლეთში კი, – ყოველ შემთხვევაში – აქამდე, ნაკლებად მიმოგზაურია და ვითარება ისე მაბნევს, თავი დაკარგული ადამიანი მგონია. შფოთი გამგზავრებამდე დიდი ხნით ადრე მეწყება და მირჩევნია, სამშობლოდან ფეხი არ გავადგა.

გიორგი ლობჟანიძე, ალექსანდრე ჭელიძე და იარომირ ტიპლტი 

ამჯერადაც, როგორც კი ჩეხეთის კულტურის სამინისტროს ეგიდით წარმოებული ფესტივალის ორგანიზატორებს ამ ფესტივალში მონაწილეობაზე დავთანხმდი, არსებითად, მაშინვე ვინანე და მთელი მოსამზადებელი პერიოდი, სამ თვეზე მეტი, დიდ მღელვარებაში გავატარე.

კიდევ უფრო მეტად მაბნევდა ის გარემოება, რომ ფესტივალი – „საავტორო კითხვის თვე“ აღმოსავლეთ ევროპის ოთხ ქვეყანას – ჩეხეთს, სლოვაკეთს, პოლონეთსა და უკრაინას – მოიცავდა და წარმოუდგენლად მეჩვენებოდა თუნდაც მგზავრობის მთელი მარშრუტი ისე უხარვეზოდ დაეგეგმათ, რომ სადმე რაიმე შარს არ გადავყროდი. არადა, უარის თქმა უკვე აღარაფრით გამომივიდოდა: თბილისში ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე იმყოფებოდნენ მენეჯერი რენატა ობადალკოვა და ფოტოგრაფი დავიდ კონეჩნი, სათანადო ხელშეკრულებებზე ხელი მომაწერინეს და  საქართველოს ,,მწერალთა სახლში“, რომელიც წლევანდელი ღონისძიების მთავარი პარტნიორი იყო საქართველოს მხრიდან, მშვენიერი ფოტოებიც გადამიღეს.

ერთ-ერთ ფოტოზე დავით სარაჯიშვილის ძეგლთან ვდგავარ და ისე დაჟნებით ვუყურებ ამ დიდებულ ადამიანს თვალებში, თითქოს, ის არ ეყოფა,  თავის დროზე ამდენი ქართველი სტუდენტის ევროპაში წასვლა და იქ სწავლა რომ დააფინანსა და ახლა მეც, ამდენი ხნის შემდეგ, დაფინანსებას ისევ მას ვეხვეწები.

დაფინანსებას ქვემოთ კიდევ შევეხები, აქ კი მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ჩეხი მასპინძლები თავიდანვე საოცრად მოწესრიგებულად მოქმედებდნენ და მათ ამ წესრიგსა და ჰარმონიაში ჩემი უარით დისონანსის შეტანა წარმოუდგენელ თავხედობად, ლამის მკრეხელობად მივიჩნიე.

,,საავტორო კითხვის (ან: საავტორო ლიტერატურული საღამოების) თვე“ ცენტრალური ევროპის ყველაზე დიდი ლიტერატურული ფესტივალია და ის 2002-2004 წლებში დაარსდა  ჩეხეთის ქალაქ ბრნოში მოქმედი გამომცემლობის Větrné mlýny Publishers მიერ, თავიდან ფესტივალი მხოლოდ ჩეხი ავტორების სამამულო პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად და ჩაფიქრებული იყო, როგორც მათი ეროვნული ლიტერატურული ღონისძიება, 2005 წლიდან ფესტივალი საერთაშორისო გახდა და ჩეხ ავტორებთან ერთად ყოველწლიურად, აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ერთი, ე. წ. „სტუმარი ქვეყნიდან“ ეპატიჟებიან 31 ლიტერატორს, რომლებიც ივლისის 1-დან 31-ის ჩათვლით ერთმანეთის მიყოლებით ჩადიოდნენ ჩეხეთში. 2016 წლიდან ფესტივალმა საზღვრები გაიფართოვა და ის ერთდროულად ტარდება აღმოსავლეთ ევროპის ოთხი ქვეყნის 5 ქალაქში და იმ წლის სტუმარი ქვეყნის თითოეული ავტორი, რომელიც 5 დღის განმავლობაში ჩადის ამ 4 ქვეყნის ხუთივე ქალაქში, შესაბამისად, მართავს ხუთ საავტორო საღამოს. 2005 წლიდან „საავტორო კითხვის თვის“ სტუმარი ქვეყნები იყვნენ: 2005- სლოვაკეთი, 2006- ბერლინი (გერმანია), 2007 – ბელარუსი, 2008- კანადა, 2009- ავსტრია და შტუდგარტი, 2010- საფრანგეთი (ამ წლიდან ფესტივალი ბრნოს პარალელურად ტარდება ოსტარავაშიც), 2011- პოლონეთი (ამ წლიდან კი ფესტივალი უკვე პარალელურად ვროცლავსა და კოშიცეშიც ტარდება), 2012 – სლოვენია, 2013- გერმანულენოვანი ავტორები, 2014- შოტლანდია, 2015- უკრაინა, 2016 – ესპანეთი.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12