რა თქმა უნდა, მკითხველი მიხვდება, რომ ჩემი აღქმა ოდნავ უტრირებულია, მაგრამ მკითხველმა ისიც იცის, რომ კულტურა მხოლოდ ჯაზი არ არის და უცხოეთიდან მოწვეულ პოპვარსკვლავებთან ერთად, ან პირველ რიგში, აჯობებდა, ჩვენი კულტურის, უპირველესად კი, ქართული მწერლობის პოპულარიზაციისათვის მიგვეხედა იმავე უცხოეთში.

პრაღაში კიევის გავლით გადავფრინდი და პირველი სასიამოვნო რამ ის იყო, რომ პრაღის აეროპორტში ევრპოასპორტების სექციას მივაშურე. ჩეხმა მესაზღვრემ პასპორტი შეამოწმა და ზედმეტი შეკითხვების გარეშე ღიმილით შემიშვა ევროპაში.

აეროპორტში მანქანით მელოდა საქართველოს საელჩოს თანამშრომელი თეო ჯიჯელავა, სრულიად არაჩვეულებრივი ადამიანი, ვინც ბრნოში გამგზავრებამდე თავაზიან მასპინძლად და მეგზურად მომევლინა.

თეოსთან ფესტივალის ორგანიზატორებს უკვე შეეთანხმებინათ, რომ ინტერვიუ მიმეცა ჩეხეთის ერთ-ერთი ცენტრალური გაზეთისათვის, ამიტომ აერპორტიდანვე პირდაპირ  წავედით რედაქციისაკენ.

ჩემი პირველი გაკვირვება თუ აღტაცება სწორედ ამ გაზეთის ჟურნალისტმა ქალბატონმა გამოიწვია, რომელიც არაჩვეულებრივად საუბრობდა ფრანგულად და რაც მთავარია, იმდენი რამ იცოდა ჩემ შესახებ, რომ აქეთ გამახსენა ჩემი ცხოვრების ,,მივიწყებული“ დეტალები. ინტერვიუ დიდხანს გაგვიგრძელდა. ვილაპარაკეთ საქართველოს დღევანდელ სიტუაციაზე, ქართულ მწერლობაზე, და რაც მთავარია, ჟურნალისტი ძალიან იყო დაინტერესებული ჩემი, როგორც პროფესიონალი აღმოსავლეთმცოდნის მოსაზრებებით ისლამსა და დღევანდელ მუსლიმურ კულტურაზე, დასავლეთისა და ისლამური სამყაროს ურთიერთობების პერსპექტივებზე. წინასწარ ჰქონდა დამუშავებული ჩემი თითქმის ყველა ინტერვიუ, რაც კი მისთვის ხელმისაწვდომ ენებზე აქამდე მიმიცია. აზუსტებდა ყველა აზრსა თუ პოზიციას, რაც ამ ინტერვიუებში ოდნავ მაინც ბუდოვანი მოეჩვენა ან მიიჩნია, რომ თემას გავრცობა ესაჭიროებოდა. რა თქმა უნდა, მეკითხებოდა ჩემს ლექსებზე, რას ვგულისხმობდი ამა თუ იმ ფრაზაში, რატომ გამოვთქვი ესა თუ ის აზრი სწორედ ასე და არა სხვანაირად.

მოკლედ, ინტერვიუს წარმართვის ნამდვილი მასტერკლასი ჩამიტარა და ერთ საათში მაგრძნობინა, რამხელა განსხვავებაა ჩვენსა და ევროპას შორის და რომ ევროპას საქართველოსაგან სწორედ ჟურნალისტიკის ძალიან მაღალი დონე, უფრო სწორად, შეკითხვების სიღრმე და ამ შეკითხვების პროფესიულად დასმის უნარი გამოარჩევს.

სკანდალზე ორიენტირებულ ქართულ ჟურნალისტიკას ხომ, ძირითადად, რესპონდენტი კი არა, სიუჟეტი აინტერესებს, ამბავზე რეაქცია და არა თვით ამბავი.

მე კი კიდევ ერთი სიურპრიზი ბრნოს ავტობუსში ასვლისას მელოდა. ავტობუსს უკან ქართულად ეწერა საქართველოს ჰიმნის დასაწყისი ,,ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა, განათებული მთა-ბარი წილნაყარია ღმერთთანა“. არ ვიცი, რატომ ვერ მოხერხდა, ეგებ სულაც პირადად ვერ შეძლო, მაგრამ გული დამწყდა, რომ დათო მაღრაძე თვითონ არ იყო ფესტივალის სტუმრების სიაში.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12