მეკითხებოდნენ უამრავ რამეს, მათ შორის, რომელი ჩეხი მწერალი მქონდა წაკითხული. მე სავსებით გულწრფელად ვუთხარი, რომ არა თუ წაკითხული, ორი ჩეხი მწერალია, რომელმაც სხვადასხვა დროს, ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ჩემზე, ცხოვრებასთან ჩემეულ მიმართებაზე უდიდესი გავლენა იქონია. ესენი არიან ბოჰუმილ ჰრაბალი და მილოშ კუნდერა. მიუხედავად იმისა, რომ კუნდერას ბოლო წიგნები ისე აღარ მხიბლავს, მაინც მადლობელი ვარ მისი თუნდაც „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქისათვის“. რაც შეეხება ჰრაბალს მისი სიყვარული ოდნავადაც არ გამნელებია ადრეული სიჭაბუკიდან დღევანდლამდე.
ამ დროს ვიღაცამ დარბაზიდან დაიძახა: ისე, ეს ქართველები რა სულ მაგ ორ მწერალს ასახელებთ. მეტი არავინ იცით. წინა ორ კითხვაზეც ორმა გოგომ სწორედ ბოჰუმილ ჰრაბალი და მილოშ კუნდერა გაიხსენა!
არ ვიცი, რომელ ორ გოგოს გულისხმობდნენ, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რატომ მიყვარს ეს ორი ჩეხი მწერალი და შევეცადე მასპინძლებისათვის, უფრო კონკრეტულად ამეხსნა ჩემი სიყვარულის მიზეზები.
მაშინ კიდევ ერთმა დამსწრემ მკითხა, იცით, რომ ორივე მათგანი, მორავიელი და ბრნოელია?! და თუ იცით, მაშინ, როგორ უყურებთ მორავიის დამოუკიდებლობას?
ამ შეკითხვამ საერთოდ დამაბნია, ზოგადად სეპარატიზმი დამღუპველი მოვლენა მგონია და იქ ასევე ზოგადად ვუპასუხე, მაგრამ მერე სანდროსთან გავარკვიე, რამდენად სერიოზული საფუძველი აქვს მორავიელების პრეტენზიას დამოუკიდებლობაზე: სხვა ხალხია? სხვა ენა აქვთ თუ რა ხდება, საერთოდ?
რა თქმა უნდა, პრობლემაში ღრმად მაინც ვერ გავერკვიე, მაგრამ გავიგე, რომ მორავიელებიც ისეთივე ჩეხები არიან, როგორც სხვა ჩეხები, უფრო მეტიც, ჩეხური სალიტერატურო ენა მორავიულ დიალექტებთან უფრო ახლოს არის და ამიტომაც შემთხვევითი არაა, რომ თანამედროვე დიდი ჩეხი მწერლები, თუნდაც ჩემ მიერ შეხვედრაზე ხსენებული ჰრაბალი და კუნდერა, სწორედ მორავიის შვილები არიან.
მოკლედ, მორავიელთა სეპარატიზმი ჩემთვის დაახლოებით ისეთივე გაუგებარი რამეა, როგორც ის, ქართლელებმა რომ მოინდომონ საქართველოდან განცალკევება, ან კახელებმა გამოყოფა. არადა, შეკითხვის დამსმელი ისე დაჟინებით მოითხოვდა ჩემგან ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას, რომ მისმა დაჟინებამ ნირი საბოლოოდ წამიხდინა.
შეხვედრის ბოლოს კიდევ ერთი ინტერვიუ მელოდა, ამჯერად ბრნოს რადიოს კორესპონდენტთან და კიდევ კარგი, გაცილებით ფორმალური, ვიდრე ჩეხეთის ცენტრალური გაზეთისთვის იყო. ამჯერად ახალგაზრდა ჟურნალისტის მშვენიერებით ნამდვილად მოვიხიბლე და ვიფიქრე, რომ ზოგჯერ ზედაპირულობა სულაც არ არის ცუდი, ყოველ შემთხვევაში, ზოგ პრობლემაზე, მაგალითად, ბრნოს დამოუკიდებლობაზე თავის მტვრევას ნამდვილად სჯობია.