შეხვედრის შემდეგ ვნახე და მადლობა გადავუხადე ფესტივალის კოორდინატორს რენატა ობადალოკოვას, რომელმაც ჩემი მომავალი თანამგზავრები უკრაინაში დაბადებული, მაგრამ ახლა უკვე ჩხეთში მცხოვრები პოეტი ალექსეი სევრუკი და სლოვაკი ჟურნალისტი გოგონა გამაცნო. ეს სლოვაკი ჟურნალისტი პრაღაში ჩემს გამგზავრებამდე დამიკავშირდა იმეილით, მითხრა, რომ კინოდოკუმენტალისტიკის ფაკლტეტზე სწავლობს და გადაწყვეტილი აქვს ფილმი გადაიღოს ფესტივალის შესახებ. მონაწილეთაგან მე ამომარჩია და უნდა, რომ მთელი გზის განმავლობაში თან მახლდეს და გადაიღოს ყველაფერი, რაც კი ამ მოგზაურობისას შეგვემთხვევა. გოგონა თავაზიანად იღებდა ნებართვას, შეეძლო თუ არა ამის გაკეთება. იმის მიუხედავად, რომ ძალიან მთრგუნავს ჩემი ყოველდღიური (თუნდაც საფესტივლო) ცხოვრების ასეთი „გასაჯაროებები“, მოწადინებულ ახალგაზრდა ქალს უარი ვერ ვუთხარი და შესაბამისად, ისიც დიდი ინტერესით მელოდა ბრნოში. ხალისით-მეთქი, მინდოდა დამეწერა, მაგრამ ჩემს სლოვაკ მეგობარს ხალისისა ვერაფერი შევამჩნიე. სლოვაკურად მიმზიდველი, მაგრამ ძალზე ფლეგმატური ახალგაზრდა იყო. ლაპარაკობდა ძალიან ცოტას და ყოველთვის არსებითს. შემომცქეროდა, როგორც მის წინ სასწაულებრივად განსხეულებულ კლასიკას და ყოველი შესაძლებლობისას მაგრძნობინებდა, როგორი ბედნიერი იყო, რომ ჩემს საზოგადოებაში ყოფნის საშუალება მიეცა.

საერთოდ, ჩემზე ძალიან მოქმედებს ერთი არაჩვეულებრივი თვისება, რომელიც ჩემი დაკვირვებით სლოვაკების ეროვნული ხასიათის მნიშვნელოვან კომპონენტს უნდა წარმოადგენდეს, მორიდება და კრძალვა მეორე ადამიანისა. ის ბუნებრივი სიმორცხვე, რომელიც თავს შეფაკლული ღაწვებით ამჟღავნებს და არც კი ვიცი, დღეს ჩვენს სოფლებში მაინც თუა კიდევ შერჩენილი.

რენატამ კი პირველი საღამოს ჰონორარი გადამიხადა, მატარებლის ბილეთები გადმომცა და გამაფრთხილა, რომ სადგურზე დაგვიანებით არ მივსულიყავით. მეორე დღეს ჩვენი მარშრუტი ასე გრძელდებოდა – დილით მინიბუსით უნდა წავსულიყავით პოლონეთში, ვროცლავში, მეორე დღეს დავბრუნდებოდით ისევ ჩეხეთში, ამჯერად ოსტრავაში, ოსტრავიდან კი მესამე დილას გავემგზავრებოდით სლოვაკეთისაკენ, კოშიცეში. მერე კოშიცედან,  კარპატების გავლით, მსუბუქი მანქანით წაგვიყვანდნენ უკრაინაში, ლვოვში. ასე რომ, ყველა ქალაქსა და ქვეყანაში თითო დღე გვიწევდა ყოფნა, ლვოვის გარდა, სადაც ორ დღეს ვჩერდებოდით.

მოგზაურობის ამ თავბრუდამხვევმა რიტმმა საშუალება აღარ მოგვცა საფუძვლიანად დაგვეთვალიერებინა ის ქალაქები, სადაც ვიმყოფებოდით და მხოლოდ ფრაგმენტული და მსხლტომი შთაბეჭდილებებით ამოგვავსო. შედარებით არა უშავდა იმ შთაბეჭდილებებს, სადაც ვინმე ჩვენიანი გვხვდებოდა, მაგალითად, იმავე ბრნოში – სანდრო და ირინა, რომლებთანაც გატარებულმა საღამომ და ღამის ბრნოში გასეირნებამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12