ჩემი გულის აჩუყება ძალიან ძნელია, მაგრამ ამ ამბავმა თითქმის ისე იმოქმედა, როგორც ,,ჯარისკაცის მამის“ ფინალი მოქმედებს ხოლმე ჩემზე, რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო.

საბედნიეროდ, განგაში ცრუ გამოდგა და ბომბს, რა თქმა უნდა, სასტუმროში ვერსად მიაკვლიეს. სამაგიეროდ, მე და ბათუ დავსხედით, იქვე კაფეში და ყავით მოვიფხიზლეთ. ვუყურებდი ამ დიდებულ ადამიანს და ვფიქრობდი: სამწუხაროდ, რა ხშირად ხდება ხოლმე, რომ პოეტის პირადად გაცნობას ადამიანი სასტიკად ინანებ, ფიქრობ: არ მერჩია მხოლოდ ლექსებით მცოდნოდა და პირისპირ კი არასდროს მენახაო. ბათუ დანელია კი სრულიად საპირისპირო შემთხვევაა: ქართული ლექსის ნამდვილი დიდოსტატი ისეთივე დიდი ადამიანია, როგორი პოეტიც არის: ნაღდი, უღალატო, ბავშვივით ალალი და უწესიერესი!

დილიდან გამოყოლილი ზაფრის საპირისპიროდ, რადიოინტერვიუმ ძალზე ცოცხლად და საინტერესო გარემოში ჩაიარა. უკრაინელმა ჟურნალისტმა უამრავი შეკითხვა დამისვა და მეც ამ შეკითხვებს რაღაცნაირი ხალისით ვპასუხობდი. მერე სერგეი ლაზოს შევხვდი და დილანდელი ინცინდენტი საბოლოოდ გაქარწყლდა. ლაზომ ქართული პოეზიის დიდი ანთოლოგია შეადგინა და უკრაინულად თარგმნა. თარგმანების ხარისხზე უკრაინელი ჟურნალისტი მელაპარაკა და მითხრა, რომ არაჩვეულებრივი ნამუშევარია. თვითონ კრებულს მალე იხილავს მკითხველი, რადგან სერგეი უკვე ბოლო კორექტურაზე მუშაობდა და ჩემთანაც სწორედ ქართული გვარ-სახელების სწორი ტრასნლიტერაციის გადამოწმება სჭირდებოდა. არ ვიცი, როგორ უნდა გადავუხადოთ ქართველმა პოეტებმა ამ კაცს ამხელა ამაგი. იმ დღეს სერგეიმ თითქმის მთელი ლვოვი ფეხდაფეხ მომატარა. ისეთი დიდი სიყვარულით მიჩვენებდა ყველა ქუჩას, რესტორანსა თუ მუზეუმს, რომ იმ დღეებში ნანახი ქალაქებიდან პირველად გამიჩნდა სურვილი, სწორედ ლვოვში მეცხოვრა. ის კი არა, ქალაქის ცენტრში ოროთახიანი ბინის ფასითაც კი დავინტერესდი. აღმოჩნდა, რომ სულ რაღაც 50 ათასი დოლარი ღირს. ვნახეთ ძველი ლვოველის, ლუი ზახერ-მაზოხის სახელზე აშენებული ორიგინალური რესტორანი, ასევე ლამპების ძალიან საინტერესო მუზეუმი. რა თქმა უნდა, საგანგებოდ წავედით ყავისა და შოკოლადის ფაბრიკებში.

გამთენიისას კი ლვოვიდან კიევისაკენ გავფრინდი, რომ იქიდან გზა შინისაკენ გამეგრძელებინა. თვითმფრინავში დიდხანს ვფიქრობდი, რამხელა შანსი მოგვცა ჩეხეთის კულტურის სამინისტრომ ჩვენი ლიტერატურის პოპულარიზაციისა და ევროპაში გატანისთვის. და თუ ეს შანსი ვერა ან სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ, ჩვენს თავს დავაბრალოთ. ყოველ შემთხვევაში, ცუდია, რომ ქართულ ტელევიზიებს ეს ამბავი საკმარისად არ გაუშუქებიათ. არც პრესა დაინტერესებულა მაინცდამაინც. რა გასაკვირია, ჩვენ ხომ სულ სხვა ეპისტემაში ვცხოვრობთ – პოლიტიკის ბინძურ ნარჩენებში და ლიტერატურა ვისღა ახსოვს? მერე რა, რომ სწორედ ლიტერატურაა უცხოეთში ჩვენი სავიზიტო ბარათიცა და ეგებ, საერთოდ ჩვენი გადამრჩენიც…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12