ისე, მართლა, ტყეში რა უნდათ, როცა ჩეხეთში, პრაქტიკულად, შეიძლება ყველგან დაკავდე იმით, რისთვისაც, ჩვეულებრივ, ბუჩქის ძირებს ეძებენ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ოდნავ მოსაღამოვებულზე ამ ქვეყნის ქალაქებში გასეირნებისას. თვალის ერთი გადავლებითაც, კარგად ჩანს, რომ იმ ოთხი ქვეყნიდან, სადაც ფესტივალის განმავლობაში მოგვიხდა ყოფნა, ყველაზე მეტი სექსუალური თავისუფლება ჩეხეთშია. არ ვიცი, ეს ამბავი კავშირშია თუ არა, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთანაც, მაგრამ ფაქტი ის, არის, რომ ამ ოთხი ქვეყნიდან ასევე ჩეხეთია ეკონომიკურად და სოციალურად ყველაზე მოწინავე. ეს განსხვავება შედარებით მქრქალად იგრძნობა ჩეხეთსა, სლოვაკეთსა და პოლონეთს შორის, უკრაინა კი, ცხადია, ამ საერთო ფონიდან ჯერჯერობით ამოვარდნილია და უამრავი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი, ვიდრე თავის მეზობლებს ,,დაეწევა“. ოსტრავადან მატარებლით კოშიცეში მიმავალი სწორედ ამაზე ვფიქრობდი, და თან მატარებლის ფანჯრიდან არაჩვეულებრივი ბუნების ყურებით ვერთობოდი. ჩეხებსა და სლოვაკებს თითქმის ხელუხლებელი ბუნება აქვთ. სადღაც, ამ ორი ქვეყნის საზღვართან, ამწვანებულ გორაკზე შვლის ნუკრები ნავარდობდნენ თავისუფლად. ამის შემხედვრეს რამდენიმე წლის წინათ თბილისის ზოოპარკში მომხდარი ინციდენტი გამახსენდა, ვიღაც არაკაცებმა ზოოპარკიდან შველი რომ გაიტაცეს, ბარკალი გამოაჭრეს და დანარჩენი გზაზე გადააგდეს.

საშინელ გუნებაზე დამაყენა ამ ამბის გახსენებამ, რადგან აქ საქმე მხოლოდ  „შვლის ნუკრის ნაამბობზე“ ცრემლების ღვრაში  როდია, ამ ინციდენტმა ჩემთვის მაშინ ჩვენი საზოგადოების სრული უსულგულობა და სიველურე გამოააშკარავა.

სხვათა შორის, დღემდე არ ვიცი, იპოვეს და დასაჯეს თუ არა დამნაშავეები. სამაგიეროდ, მომსწრე ვარ, როგორ დაუნდობლად იძია შური ამ და ბუნებაზე კიდევ სხვა ძალადობების გამო ჩვენზე ვერეს ხეობამ და ზოოპარკმა.

კოშიცეში ჩასულსაც ფესტივალზე თარჯიმნად დასაქმებული ჩვენიანი, არაჩვეულებრივი ქართველი სტუდენტი ნადია მჭედლიძე შეგვეგება. ნადია სულ ერთი წელია, რაც ბრატისლავის უნივერსიტეტში სწავლობს, მაგრამ ამ მცირე დროში ისე კარგად უსწავლია სლოვაკური, რომ შესანიშნავი თარჯიმნობა გაგვიწია.

კოშიცეშივე მელოდა სლოვაკურად ჩემი ლექსების მთარგმნელი, თვითონ არაჩვეულებრივი პოეტი ვალერი კუპკო, რომელიც ერთი წლის წინათ სლოვაკეთში, ბრატისლავას პოეტურ ფესტივალზე გავიცანი და დავმეგობრდით.

ვალერი საოცარი კაცია, ეროვნებით, რუსინი, როგორც თვითონ ამბობს, უკრაინაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის შვილი. დიდი ხანია, სლოვაკეთში ცხოვრობს და წერს ორ ენაზე – სლოვაკურად და რუსულად. საქართველოში ორჯერ არის ნამყოფი და შეყვარებულია ჩვენს ქვეყანაზე, ჩემ გარდა კიდევ ბევრი თანამედროვე ქართველი პოეტის ლექსები აქვს თარგმნილი და ასევე გურამ ოდიშარიას რომანი ,,პრეზიდენტის კატა“ (რომელიც, როგორც უკვე სხვა სლოვაკებმა მითხრეს, ამ წიგნის ერთ-ერთი საუკეთესო თარგმანია).

ჩემი ლექსების დიდი პოპულარობაც სლოვაკეთში სწორედ ვალერის არაჩვეულებრივი თარგმანების წყალობაა.

ის სხვა ქალაქში ცხოვრობს, ამიტომ კოშიცეში მისმა დანახვამ სასიამოვნოდ გამაკვირვა და გამახარა. მითხრა, რომ საგანგებოდ ჩამოდიოდა თავისი ქართველი მეგობარი მწერლების სანახავად.

ვალერი ჩემი ადამიანია, ისეთი კაცი, სულ რომ არაფერი უთხრათ და მაინც უსიტყვოდ რომ გესმით ერთმანეთის.

იმ საღამოსაც გვიან ღამემდე ვიხეტიალეთ კოშიცეს ქუჩებში და პოეზიაზე ვლაპარაკობდით. ვალერიმ ქალაქის კათედრალურ ტაძართან მიმიყვანა. მეთოთხმეტე საუკუნეში აგებული ეს არქიტექტურული შედევრი არამხოლოდ კოშიცეს, არამედ მთელი აღმოსავლეთ ევროპის ნამდვილი მშვენებაა. ვალერიმ მითხრა, რომ არსებობს ლეგენდა: არქიტექტორს თურმე ისე აქვს დაპროექტებული და აგებული ეს შენობა, რომ სადღაც დევს ერთი მთავარი ქვა, რომელსაც თუ ნაგებობიდან გამოაცლი, მთელი შენობა უმალ დაიშლება.

არ ვიცი, რამდენად მართალია ეს გადმოცემა, მაგრამ მე მერე დიდხანს ვფიქრობდი, რა ასრულებს ჩემს არსებაში ასეთი მთავარი ქვის ,,მოვალეობას“. რა თქმა უნდა, მივხვდი, მაგრამ ცხადია, გასაგები მიზეზის გამო, აქ არ დავწერ.

მე და ვალერიმ კი ჩვენი ხეტიალი ტრადიციული კერძების ერთ რესტორანში დავასრულეთ, სადაც დიდი ლუდსახარში აქვთ მოწყობილი და შენ თვალწინ ტრადიციული მეთოდით იხდება სრულიად არაჩვეულებრივი ლუდი.

შემდეგ დილას მძღოლმა მოგვაკითხა სასტუმროში და მე, ჩემი უკრაინული წარმოშობის ჩეხი მეგობარი და სლოვაკი კინოდოკუმენტალისტი გოგონა ლვოვისკენ წაგვიყვანა.

გზად კარპატები გადმოვიარეთ და ასეთი სილამაზე იშვიათად, მხოლოდ საქართველოს მთიანეთში მინახავს.

განსაკუთრებულად იმოქმედა ჩემზე კარპატებში მცხოვრები უკრაინელების გარეგნულმა მომხიბლაობამ და დიდებულებამ.

რასაკვირველია, გამახსენდა მიხაილ კაცუბინსკის შესანიშნავი რომანი ,,მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ და მისი ფარაჯანოვისეული ბრწყინვალე ეკრანიზაცია.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12