ავტობუსის სალონში კი ყველა სკამზე იდო ,,საავტორო საღამოების თვის“ ბუკლეტი, რომელიც იმ დღეს ჩემდამი მოძღვნილ გვერდზე იყო გადაშლილი. ავტობუსშივე იყო უფასო ინტერნეტი და გზიდანვე მოვახერხე ოჯახთან დაკავშირება, რამდენიმე სურათის გადაღება და ფეისბუქზე ატვირთვა. მაშინ კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ ძალიან კარგ დროში მოგვიწია ცხოვრება, და რომ ადამიანი, თუ ტექნოლოგიებში სახიფათოდ არ ჩაიკარგე, სწორედ ამ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, არსად, მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ დაიკარგები.
ბრნოში ადგურზევე შემეგებნენ საქართველოს საელჩოს თანამშრომელი ირინა ჩინჩალაძე და ფესტივალის მიერ ჩეხეთის კულტურის სამინისტროს მეშვეობით, საავტორო საღამოებზე მთარგმნელად მიწვეული ჩვენი არაჩვეულებრივი დიპლომატი და ჩეხური ენისა და კულტურის ჩინებული მცოდნე ალექსანდრე ჭელიძე. სწორედ სანდროს დამსახურება იყო ის, რომ ქართველი მწერლების საავტორო საღამოებმა და მათ შორის ჩემთან შეხვედრამ დიდი ინტერესისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში ჩაიარა.
ჩემდა სამარცხვინოდ, არც ისე კარგად ვიცნობ ჩეხეთის ისტორიასა და თანამედროვეობას. უფრო სწორად, არ მაქვს არანაირი სიღრმისეული ცოდნა ამის შესახებ და ამ ქვეყანაზე ჩემი წარმოდგენა, ძირითადად, ჩემი საყვარელი ჩეხი მწერლების – მილან კუნდერასა და ბოჰუმილ ჰრაბალის წიგნებში აღწერილი სიტუაციებით ამოიწურება. სანდრო და ირინა მესაუბრნენ ჩეხეთზე და იმდენი საინტერესო რამ მიამბეს, თან ისეთი დიდი სიყვარულით, რომ ამ ქვეყნის დიდი მოყვარულად და დამფასებლად მაქციეს. ბრნოს თეატრში ამდენი ხალხის დანახვას ნამდვილად არ მოველოდი და თავიდან ასეთმა ხალხმრავლობამ ოდნავ დამაბნია, მაგრამ აქაც მხსნელად სანდრო მომევლინა და შეხვედრა თავიდანვე დინამიკურად და ხალისიანად წარიმართა.

ბრნოში საგანგებოდ ჩემთან შესახვედრად იყო ჩამოსული ჩემი ჩეხი მეგობარი, თანამედროვე ჩეხური პოეზიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იარომირ ტიპლტი. იარომირი ერთი წლით ადრე, სხვა შესანიშნავ ფესტივალზე, სლოვაკეთის პოეტურ ფესტივალზე სტუმრობისას გავიცანი და იქვე დავმეგობრდით. მაშინვე მოვიხიბლე მისი სიღრმითა და ნიჭიერებით, თბილისში დაბრუნებულმა კი გერმანულიდან ქართულად ვთარგმნე მისი ლექსები და იარომირის პოეზიას მე და მისმა (და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩემმა!) კიდევ ერთმა ქართველმა მეგობარმა, შოთა იათაშვილმა ჟურნალ ,,ახალი საუნჯის“ სპეციალური ნომერი მივუძღვენით.
ჩემი საღამოს მსვლელობისას იარომირი ძალიან დაგვეხმარა.
სანდრო ჭელიძის სპონტანური იდეა იყო, რომ მოდერაცია იარომირ ტიპლტს წაეყვანა, ერთმანეთისთვის დაგვესვა შეკითხვები, გვეპასუხა და სანდროს ეს ყველაფერი ერთი ენიდან მეორეზე ეთარგმნა.
ამ იმპროვიზირებული კითხვა-პასუხისა და ლექსების ქართულად წაკითხვის შემდეგ (რომელთა თარგმანიც ჩეხურად საგანგებოდ დამონტაჟებულ ეკრანზე ჩნდებოდა) დარბაზის შეკითხვების რიგიც დადგა და მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ იშვიათად მინახავს ასეთი დაინტერესებული და კეთილგანწყობილი აუდიტორია.