ფესტივალის ასეთი მრავალფეროვანი ისტორიის გათვალისწინებით, საქართველოს მიწვევა სტუმარი ქვეყნის სტატუსით უკვე თავისთავად დიდი წარმატება იყო. არადა, ეს ამბავი, თურმე ეკა ქევანიშვილის პირადი ინიციატივითა და „საავტორო კითხვის თვის“ მენეჯერის, რენატა ობადალკოვასადმი  ალალბედზე გაგზავნილი მისი ერთი იმელით დაიწყო. ამ წერილში ეკა ქევანიშვილს შეუთავაზებია ფესტივალის ორგანიზატორებისადმი, რომ კარგი იქნებოდა, რომელიმე წელიწადს სტუმარ ქვეყნად საქართველოც მიეწვიათ. ორგანიზატორები ეკას შეთავაზებას დათანხმდნენ და ასე მოხვდა საქართველო ამ უაღრესად პრესტიჟული ფესტივალის ყურადღების ცენტრსა და პროგრამაში.

ქართული მხრიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „სავტორო კითხვის თვის“ პარტნიორი საქართველოს მწერალთა სახლი გახდა.

მომზადდა წინასწარი პწკარედები და ავტორთა რევიუები, საიდანაც ჩეხებმა მათთვის რაღაც ნიშნით საინტერესო 31 ქართველი მწერალი შეარჩიეს.

ცხადია, თავისთავად ძალიან გამიხარდა ის, რომ ამ 31 თანამედროვე ქართველ ავტორს შორის მეც აღმოვჩნდი.

მოგვიანებით, როგორც საერთოდ ხშირად ხდება ხოლმე, ბევრი უკმაყოფილო დარჩა და დაიწყო კულუარული მითქმა-მოთქმა იმაზე, ვინ იმსახურებდა ფესტივალზე გამგზავრებას, და ვინ არა, რატომ მოიწონეს ერთი და დაიწუნეს მეორე ავტორი, იყო თუ არა ,,ჩაწყობა“ ფესტივალზე მოსახვედრად და ასე შემდეგ.

ალბათ, რამდენი ადამიანიც არის, იმდენი დამოკიდებულება გაჩნდებოდა ამ მიწვეული მწერლების სიისადმი. პირადად ჩემთვისაც რომ ეკითხათ, რამდენიმე ავტორზე არ ვიქნებოდი თანახმა და მათ ნაცვლად რეკომენდაციას, ჩემი შეხედულებით, ქართული სალიტერატურო პროცესისათვის უფრო მნიშვნელოვან იმ პოეტებსა თუ მწერლებს გავუწევდი, რომლებიც, რატომღაც, ამ სიაში არ აღმოჩნდნენ.

თუმცა, ისიც საფიქრებელია, რომ გარდა ლიტერატურული ღირებულებისა (რაც, ბუნებრივია, უმთავრესი რამ არის) ფესტივალზე ავტორის გასამგზავრებლად კიდევ უამრავ რამეს უნდა გაეწიოს ანგარიში: მაგალითად, მწერლის ასაკსა და ფიზიკურ მდგომარეობას, რადგან ერთი კვირის განმავლობაში, 4 სხვადასხვა ქვეყანასა და ხუთ ქალაქში ჩასვლა, ჩასვლის დღესვე ამ ქალაქებში დაახლოებით 2- 3 საათიანი საღამოს გამართვა ისეთ დიდ ფიზიკურ, ფსიქიკურ და ემოციურ დატვირთვას გულისხმობს, რომ ეს თავიდანვე გააზრებული რომ მქონოდა, არ გამოვრიცხავ, მე თვითონვე მეთქვა უარი მონაწილეობაზე, რაც ალბათ, ჩემმა ზოგმა წინდახედულმა კოლეგამ გააკეთა კიდეც.

კიდევ ერთი:  მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები მასპინძელი ქვეყნების ენებზე შესანიშნავად და მაღალპროფესიულად ითარგმნება, მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს მიწვეული მწერლის მიერ რომელიმე ევროპული ენის კარგ ცოდნას, რადგან გარდა შეხვედრებისა და ოფიციალური მიღებებისა, არის უამრავი ყოფითი სიტუაცია, სადაც სტუმარი თავისი თავის ამარა რჩება და ყველა წამოჭრილ პრობლემას საკუთარი ცოდნის მეშვეობით უნდა გაუმკლავდეს.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12