მოკლედ, ასეა თუ ისე, ალბათ, არ არსებობს იდეალური სია და ამას უნდა შეეგუოს ყველა, – მრავალი რჩეული და მცირედი წვეულიც, რადგან ამ სიას მასპინძლები ადგენენ და ამიტომ, ქართული მხარისათვის (რომელიც მხოლოდ ტექნიკურ თანამშრომლობას იღებდა თავის თავზე და არა ფესტივალის მხატვრული ან იდეოლოგიური მიმართულების განსაზღვრას) რაიმეს დაბრალება დიდი უსამართლობა მგონია. მითუმეტეს, უსამართლობა კი არა, უზნეობაა, როცა საკუთარი წარუმატებლობის ბოღმას კოლეგებს, ფესტივალში მონაწილე მწერლებს გადაანთხევ თავზე.

ამ ვნებათღელვაში ნამდვილად დასანანი ისაა, როცა რომელიმე უკვე არჩეული მწერალი ვერ ახერხებს ფესტივალზე გამგზავრებას.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება, არის გამოუვალი სიტუაციები, ბოლოს და ბოლოს მოულოდნელი ავადმყოფობა ან უბედურება, მაგრამ ,,საავტორო საღამოების თვე“ წინასწარ ისეა ორგანიზებული და ისეთი აწყობილი მექანიზმია, რომ სტუმრის ჩაუსვლელობა მასპინძლებს ადგილზე უამრავ უხერხულობას უქმნის და როცა წინა დღით გაიღვიძებ და ჩათვლი, რომ ამსიშორეს გამგზავრება უბრალოდ გეზარება, მაშინ  ამ უხერხულობაზეც უნდა დაფიქრდე და იმაზეც, რომ შენ რომ არა, ბოლოს და ბოლოს, შენ ადგილას შეიძლებოდა, რომელიმე სხვა მწერალი ყოფილიყო, ვინც არ გაექცეოდა ადამიანურ პასუხისმგებლობას და არც მგზავრობა დაეზარებოდა.

მოკლედ, ნამდვილად არა ვარ არც დიდაქტიკისა და არც პათეტიკის გუნებაზე, მაგრამ ბარემ ერთსაც ვიტყვი და მოვათავებ: ეს ფესტივალი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის საუკეთესო შანსია ევროპაში. ჩვენზე მრავალრიცხოვანი ქვეყნებიც კი ისეთი სერიოზულობით ეკიდებიან მასში მონაწილეობას, რომ ქართული ვნებათღელვა ,,უჩემოთ ვინ იმღერეთასა“ და ,,თავო, ჩემო ბედი არ გიწერიას“ ,,მარადიულ“ მოტივებზე ამასთან შედარებით ნამდვილად ბავშვურ ბუტიაობად გამოიყურება.

ჯობდა, იმაზე გვეფიქრა, როგორ შეგვეკრა ერთიანი გუნდი, სადაც ყველა მწერალს თავისი ფუნქცია ექნებოდა და თითოეული მათგანი საკუთარი ინდივიდუალობის წარმოჩენით თანამედროვე ქართული ლიტერატურის რაღაც არსებით ტენდენციას გამოკვეთდა, თავის თავთან ერთად, იმ სხვებსაც გაუწევდა პოპულარიზაციას, ვისაც ფესტივალში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა და საბოლოოდ, ქართული მწერლობის დღევანდელი დონის კარგ პრეზენტატორად მოგვევლინებოდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მასპინძლები საამისოდ ყველა პირობას გვთავაზობდნენ.

ფესტივალს, ძირითადად, ჩეხეთის კულტურის სამინისტრო აფინანსებდა და თითოეულ სტუმარს (ორივე გზის ბილეთის გარდა, რისი უზრუნველყოფაც ქართულმა მხარემ თავის თავზე აიღო), შიდა გადაადგილების ბილეთებს, სასტუმროში ცხოვრებას (საუზმით) და ყველა გამართული საღამოსათვის ას ევროს ( ლვოვის გარდა, სადაც 50 ევრო იყო) უნაზღაურებდა.

მასპინძლებმა ისიც კი გაითვალისწინეს, რომ ავიაკომპანიები, რომელთა მეშვეობითაც გვიწევდა გადაადგილება, ფრენისასა საუზმესა და სადილს ბილეთის ღირებულებაში აღარ თვლიან და საგანგებოდ, წინასწარ შეუკვეთეს ფრენის ხემსი.

შეიძლება, უხერხული სალაპარაკოა, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ დღეს საქართველოში მწერლები ერთ-ერთი ყველაზე შეჭირვებული ფენის ადამიანები არიან. ხშირად მათი სულიერი სიმდიდრე პირდაპირპროპორციულია მათი ნივთიერი სიდუხჭირისა და ამიტომ, სასურველი იქნებოდა, ეს პირველ რიგში, ქართულ მხარეს გაეთვალისწინებინა, თუნდაც კულტურის სამინისტროს და რაღაცნაირად ეკისრა მინიმალური თანადამფინასებლის ფუნქცია, რომ უცხოეთში არსებითად ასეთი მნიშვნელოვანი მისიით გამგზავრებულ შენს მწერალს ჯიბის ფული მაინც ჰქონოდა, რათა ვიდრე, ვთქვათ, პირველი კითხვის, პირველი საღამოს გასამრჯელოს მისცემდნენ, შიმშილისაგან სადმე გული არ წასვლოდა ან ტუალეტში შესვლის სახსარი ჰქონოდა (სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ მწერლებიც, მასწავლებლებისა არ იყოს, ისევე დადიან ტუალეტში, როგორც სხვა ნორმალური ადამიანები!).

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12