პოლონელები ქართული ლიტერატურის გუშინდელ დღეს შედარებით კარგად იცნობდნენ. ყოველ შემთხვევაში, მკითხეს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის იმ ქართველ მწერლებზე, რომელთა წიგნებიც, როგორც ჩანს, ძალიან კარგად ჰქონდათ წაკითხული. ოთარ ჭილაძის რომანები, ჭაბუა ამირეჯიბის ,,დათა თუთაშხია“, გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველი“, რეზო ჭეიშვილი, ნოდარ დუმბაძე, ჯემალ ქარჩხაძე – აი, ასეთ ლიტერატურას თარგმნიდნენ და ეცნობოდნენ თავის დროზე აღმოსავლეთ ევროპის ამ შესანიშნავ ქვეყანაში.

ერთმა ასაკოვანმა მამაკაცმა ისიც მითხრა დანანებით, რომ დღეს ან იმდენი აღარ ითარგმნება ქართულიდან ან ემჩნევა, ასეთი დონის მწერლობა აღარ გაქვთო. საკამათო, დამაფიქრებელი რემარკა იყო და კარგა ხანს ვიდავეთ კიდეც, საბოლოოდ კი თავაზიანად შევთანხმდით იმ ვარიანტზე, რომ დღეს იმდენი აღარ ითარგმნება, თორემ…

შეხვედრის ბოლოს ერთი სასიამოვნო სიურპრიზი მელოდა: მოვიდა ჩემთან ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ სპეციალურად ჩამოვედი კრაკოვიდან დღეს თქვენს მოსასმენად, მე იქაური უნივერსიტეტის კურატორი ვარ და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენს უნივერსიტეტში მოგიწვიოთ. თუ გრძელვადიანი თანამშრომლობა არ გამოგვივა, ეგებ რამდენიმეთვიანი სალექციო კურსი მოგვიმზადოთ ისლამში და თანამედროვე მუსლიმური სამყაროს პრობლემატიკაში, პერიოდულად ჩამოხვიდეთ და ლექციები წაიკითხოთო. გამახსენდა, რომ პირველ კურსზე პირველ სემესტრში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაბულ ენას, სწორედ არაჩვეულებრივი პოლონური სახელმძღვანელოთი, კუროვსკის ,,არაბული ენით“ ვსწავლობდით და გამეღიმა. სამყაროში ხომ არაფერი არ იკარგება და ყველაფერი წრეზე ტრიალებს.

ოფიციალური საღამოს შემდეგ ეზოში გადმოვინაცვლეთ და ფესტივალის ორგანიზატორებთან და პოლონელ ლიტერატორებთან ერთად კათხა ლუდით ხელში გვიან ღამემდე ვსაუბრობდით სხვადასხვა საკითხზე.

მერე კი ირინა ტყეშელაშვილთან და ერთ ჩემს ახალგაცნობილ უკრაინელ მეგობართან ერთად, რომელიც თურმე ვროცლავის უნივერსიტეტში მუშაობს და  ამ ქალაქის თითოეული კენჭის ისტორია ზეპირად იცის, დიდხანს ვისეირნეთ ისტორიული ვროცლავის სხვადახვა უბანში. ფეხით დავუყევით ქალაქის ცენტრს და მთელი ვროცლავი მოვიარეთ.

დილით ისევ ჩეხეთისაკენ გამოვწიეთ. ჩავედით ოსტარავაში, სადაც საუკეთესო სასტუმროში დაგვაბინავეს. ამდენ ქვეყანაში ასე სწრაფმა მოგზაურობამ საერთოდ დამიკარგა რეალობის აღქმის უნარი. ჯერ მარტო ჯიბის ფულის გადახურდავებით დავიღალე. სანამ იმაში გავერკვეოდი, გარეგნულად როგორ განმესხვავებინა ერთანეთისაგან ჩეხური კრონი და პოლონური ზლოტი, მე ჩემი დამემართა.

ოსტრავა, მით უფრო, ვროცლავის შემდეგ ნაკლებად მომეწონა. როგორც ამიხსნეს, სამრეწველო ქალაქია და ასევე აქ არის თავმოყრილი ჩეხური აზარტული თამაშების ბიზნესიც, ამიტომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გხვდება კაზინო და სამორინე, კულტურული დაწესებულებები კი ძალიან ცოტაა. ლიტერატურული კითხვა ერთ ნახევარსარდაფში გაიმართა, რომელიც თურმე ჩეხური კინოს ნამდვილ ვარსკვლავს ეკუთვნის. ამ ნახევარსარდაფს ჩეხებისათვის სალაღობო სახელი აქვს ,,ლეს“ (,,ტყე“). ჩემმა მოდერატორი ერთ ანეგდოტსაც მომიყვა, როგორც ეუბნება ბიჭი გოგოს, წავიდეთ ტყეშიო და გოგო არ მიჰყვება, ტყეში რა მინდაო!

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12