ყველა იმ ქალაქის ცენტრში, სადაც ფესტივალი ტარდებოდა, გამოფენილი იყო დიდი ბანერები, ჩვენი ვებერთელა ფოტოსურათებით. სანდრომ სპეციალურად მაჩვენა ბრნოში ჩემი პორტრეტი, რომლის დანახავამაც ჩემზე დამთრგუნველად იმოქმედა და ისეთი შეგრძნება დამიტოვა, რომ რომელიღაცა პარტიის კანდიდატი ვიყავი წინასაარჩევნო მარათონში ანდა უფრო უარესი – უკვე ცოცხალი კლასიკოსი აკაკი წერეთელი რაჭა-ლეჩხუმში თავისი ცნობილი მოგზაურობისას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი გულღია და თავაზიანი მასპინძლები სწორედ ისეთი დიდი სიხარულით გვეგებებოდნენ, როგორც მგოსან აკაკი წერეთელს მისი პოეზიით აღტაცებული ლეჩხუმელები და რაჭველები…

იმ საღამოს სანდრომ და ირინამ ერთ პატარა ჩეხურ რესტორანში მიმიპატიჟეს და დიდი სიამოვნებით გავსინჯე იქაური ლუდი და ყველისა და ლორის რამდენიმე სახეობა, რომლის მომზადების ტექნოლოგიამაც ძალზე დამაინტრესა. ლუდისა დიდი არაფერი გამეგება, უფრო სწორად, რომ ვთქვა, საერთოდაც არ მიყვარს, მაგრამ ჩეხური ყველი და ლორი მართლაც საოცარი იყო და დიდი სიამოვნებით ჩავატარებდი ექსპერიმენტს მათი იმ წესით გამოსაყვანად, როგორც თურმე ამას ჩეხეთში აკეთებენ. ყოველ შემთხვევაში, სანდროსგან რეცეპტი დიდი გულისყურით მოვისმინე, და ოდესმე, თუკი ჩემს სოფელში დავბრუნდი, მეცოდინება, რა როგორ გავაკეთო.

ნაბახტევში დაბრუნებამდე კი, დილით, ვროცლავში გამგზავრება და იქ კიდევ ერთი საღამო მელოდა. გზაშივე დამიკავშირდა ჩეხური მხრის მიერ საფესტივლოდ, თარჯიმნად დასაქმებული კიდევ ერთი ქართველი, ამჯერად პოლონეთში მცხოვრები და ძალიან წარმატებული სტუდენტი, კიდევ ერთი ირინა, ოღონდ ტყეშელაშვილი. მითხრა, რომ საავტორო საღამომდე 2 საათით ადრე სასტუმროში მომაკითხავდა და ვროცლავის რადიოში ინტერვიუსათვის წამიყვანდა.

ჩემი ბედი, რა ვთქვი, სახლშიც ირინა, აქაც სულ ირინები, მართალია, ყველანი ძალიან კარგები, მაგრამ ეს ინტერვიუები რაღაა, ღმერთო,  ინტერვიუს მაინც გადამარჩინე! – ვფიქრობდი ჩემთვის.

მაგრამ აბა, ცხოვრებას რა ან ვინ გადაგარჩენს? და ასე მოვხვდი ვროცლავის რადიოში, რომლის ლიტერატურული გადაცემის წამყვანმა შოკის მომგვრელი შთაბეჭდილება დამიტოვა. რატომ? ელემენტარულია, ვატსონ! პროფესიონალიზმითა და სიღრმით! ჯერ ერთი, მასაც ისე შეუსწავლია წინასწარ ჩემი დოსიე, რომ მე თვითონ ჩავფიქრდი ზოგ რამეზე, ასეთი რამ როდის ან სად იყო ჩემს ცხოვრებაში-მეთქი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩემი ერთი ლექსის ინგლისური თარგმანის მეშვეობით, თვითონვე გაუკეთებია ამ ლექსის თავისებური პოლონური ვარიანტი: – რადგან დიდად არ მომეწონა საფესტივლოდ გაკეთებული თარგმანი, არადა, ინგლისური ვარიანტი რომ ვნახე, ლექსმა „შაჰიდები“ გამაოგნებელი შთაბეჭდილება დამიტოვა, უფრო სწორად, ძალიან შემძრაო! თავისი თარგმანი საუბრის დასაწყისში პირდაპირ ეთერში წაიკითხა და ამას ბუნებრივად მოაყოლა შეკითხვები ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რას ვფიქრობ ევროპაში მუსლიმების ინტეგრაციასთან დაკავშირებით ანდა მოვლენაზე, რომელსაც ხშირად აღნიშნავენ სახელწოდებით „მუსლიმური ტერორიზმი“. რადიოდან საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებით აღვსილი გამოვედი და უკვე ყოჩაღად გავემართე ლიტერატურული კითხვის ადგილისკენ, სადაც საკმაოდ დიდი საზოგადოება გველოდა. ღონისძიების დაწყებამდე ცოტა დრო მქონდა და ეზოში, ყავის დასალევად ჩამოვჯექი. ამ დროს ერთი ქალბატონი მომიახლოვდა და აქცენტიანი, თუმცა დახვეწილი ქართულით მომმართა: რა ბედნიერებაა, რომ ჩამოხვედით! ეს ქალბატონი პოლონელი გერმანისტი აღმოჩნდა, რომელიც ქართულით რამდენიმე თვის წინ დაინტერესებულა და ინტერნეტით ისე უსწავლია ჩვენი ენა, რომ შესანიშნავად მოახერხა ელემენტარულზე გაცილებით სიღრმისეული კომუნიკაცია. მითხრა, საქართველოში უკვე ორჯერ ვიყავი და ჩამოსვლას კიდევ ვაპირებ, მიყვარს ქართული ლიტერატურა, განსაკუთრებით, გალაკტიონ ტაბიძეო, – და ისეთი გრძნობით წამიკითხა ქართულად „უსიყვარულოდ“, რომ ლამის ცრემლები წამომაყრევინა.

მინდოდა, ჩემი სტუდენტებისათვის, ყველასთვის მეჩვენებინა ეს უნიჭიერესი ქალბატონი და მეთქვა, რომ როცა ასეთი სიყვარული და ინტერესი არსებობობს, იქ ქრება ყველანაირი დაბრკოლება უცხო ენის შესწავლაში.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12