ეს რომანი ადრეულ სიყმაწვილეში მაქვს წაკითხული, ჯაბა ასათიანის მიერ ვირტუოზულად თარგმნილი ქართულად და ახლა, კარპატების მთებში მგზავრობისას, მეგონა, რომ ჩემთვის ძალზე ნაცნობ და საყვარელ სამყაროში მოვხვდი.

გამახსენდა, როგორ ვკითხულობდი წიგნს ჩემი სოფლის სახლის აივანზე წამოგორებული და როგორ დავხეტიალობდი მაშინ წარმოსახვით სწორედ იმ ადგილებში, სადაც ახლა სინამდვილემ გადმომისროლა და გულში სულ იმას ვფიქრობდი: ,,ღმერთო ჩემო, აქ ხომ ერთხელ უკვე ნამყოფი ვარ!“

ლვოვში ამ ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში დაგვაბინავეს. სანამ სასტუმროში მოვეწყობოდით, უცებ მოიღრუბლა და ისეთი თავსხმა წამოვიდა, მე მეგონა,  რამდენიმე დღეს გადაუღებლად იწვიმებდა. ლვოველებმა დამამშვიდეს, ფიქრი ნუ გაქვთ, აქ ასე იცის, ხუთი წუთის შემდეგ ისე ჩამოცხება, კვალიც კი აღარ დარჩება წვიმისაო. მართლაც სანამ ნომერში ავედით, წვიმამ გადაიღო და მშვენიერი დარი დაიჭირა. საერთოდ, ამინდის ასეთი მკვეთრი ცვლილება მგონი ყველაზე უკეთ გამოხატავს თვითონ ქალაქის შინაგან ბუნებას. ლვოვი ნამდვილი ოქსიმორონია – შეუთავსებელთა შეთავსების მისტიკური ქალაქი. ჩემდა გასაკვირად, თვითონ ლიტერატურული კითხვისას, ყველაზე ცოტა ხალხი სწორედ ლვოვში მოვიდა, დარბაზში სულ რამდენიმე კაცი იჯდა, მაგრამ ეს რამდენიმე ადამიანი დიდი ინტერესით ისმენდა თარგმანს და მერე შეკითხვებითაც გამაბრუეს.

საერთოდ, მთარგმნელებში ძალიან გამიმართლა და უკრაინულადაც ნამდვილად ღმერთმა გამომიგზავნა ჩემი მთარგმნელი სერგეი ლაზო, რომელიც პირადად სწორედ იმ საღამოს გავიცანი. ლვოვში ჩემი ორდღიანი ყოფნისას კი  ერთმანეთს ისე შევეთვისეთ, რომ ახლა ლაზო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი მგონია. ლიტერატურული კითხვის მერე ძალიან დაღლილი ვიყავი და რადგან ლვოვში კიდევ ერთი დღით ვრჩებოდი, იმ ღამით სასტუმროში მალევე წამოვედი. დილით კი ისევ რადიოინტერვიუ მელოდა, ამჯერად ლვოვის რადიოსათვის, რომელიც ჩემს ჩასვლამდე შეეთანხმებინათ ჩვენს სრულიად არაჩვეულებრივ მთარგმნელთან თამთა გუგუშვილთან.

მერე კი სერგეიმ მთხოვა, ეგებ სადმე დავსხდეთ, ჩემ მიერ თარგმნილი ქართული პოეზიის ანთოლოგიის გარშემო, ვიდრე საბოლოოდ ჩაეშვება დასაბეჭდად, რაღაც შეკითხვები მაქვს და დამეხმარეო.

სასტუმროში მივბრუნდი და  მგზავრობითა და შთაბეჭდილებებით გადაღლილს კი არ ჩამეძინა, რაღაცნაირად უცებ გავითიშე. ძილიდან ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა, გაუცნობიერებლად დავწვდი ყურმილს და იქიდან რუსულად ნათქვამი, რამდენიმე მკაცრი ფრაზა შემომესმა: ,,სასწრაფოდ აიღეთ ყველაზე აუცილებელი ნივთები და ქვემოთ ჩამობრძანდით! შენობაში ბომბია!“ – თავიდან ვეღარ გავიხსენე სად ვიყავი, უცებ ვერც იმას მივხვდი, ან რუსულად რატომ მაფრთხილებდნენ ან რა ბომბზე იყო ლაპარაკი. მეგონა, სიზმარში ვიყავი და ჩვენი 90-იანები მესიზმრებოდა! მერე როცა გავიაზრე, რაც მითხრეს, რაღაცნაირად უცებ გამოვფხიზლდი. ჩანთას ხელი დავავლე და ქვემოთ ჩამოვქანდი. ,,სამშვიდობოს გაღწეულმა“ პირველ რიგში ბათუ დანელია მოვისაკლისე. ვიცოდი, რომ ბათუ ჩემამდე ერთი დღით ადრე ჩაერთო საფესტივალო მარათონში და ახლა, წესით, ამავე სასტუმროში უნდა ყოფილიყო დაბინავებული. ეს რომ გავიფიქრე, ისევ სასტუმროს შენობაში ვდურთე თავი, პოლიციელების კორდონი გავარღვიე და კიბეებს პირველი სართულისაკენ ავუყევი. თან ბედად, არც ის ვიცოდი, რომელ ოთახში იყო ბათუ, მაგრამ ვიფიქრე, ყველა ოთახის კარზე დავაკაკუნებ და მოვძებნი-მეთქი. რამდენიმე პოლიციელი დამეწია და გამაკავა: სად მიდიხართ?! არ შეიძლება! – უკან მიბიძგეს. მე ვეუბნები: ბათუ! იქ ქართველი პოეტია, ბათუ დანელია, იმის საძებნელად მივდივარ! რა ბათუ?- მეუბნება პოლიციელი, ბათუ კი არა, იქ ბომბია! საშიშია! – სასტუმროს გარეთ ძალისძალით გამაფხოწიალეს და მეც ბედს შევურიგდი.  ცოტა ხანში ბათუც გამოჩნდა: შეწუხებული ჩანდა და დაღლილს პირზე ხვითქი გადასდიოდა. თურმე ის ჩემამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩასულა ქვემოთ. იმასაც ასევე გახსენებია, რომ რომელიღაც ნომერში მე ვცხორობდი, უკან შებრუნებულა და ჩემი ძებნა დაუწყია, სართულებზე ურბენია, ,,გიორგი,გიორგის!“ ძახილით და ახლა შეწუხებული მოდიოდა, რომ ვერსად მიმაკვლია.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12