ფერადი სიზმრები

                  ნუოსუს ხალხში ყველაზე გავრცელებულ სამ ფერზე

 

მესიზმრება მშობლიური ჩემი ფერები

და ისევ ისე ვტირი სიზმარში.

 

მე მინახავს შავი ფერი.

მინახავს, როგორ სწევს ნუოსუს ხალხი

შავ ქეჩს მაღლა და

ეს შავი ძღვენი

იქ ადის, სადაც

ბინადრობენ სულები

ჩვენი წინაპრებისა,

შავ ფონზე კი ციმციმებენ ვარსკვლავები მარადიული.

 

მე მინახავს შავი ფერი…

მაგრამ არ ვიცი,

საიდან მოვიდა ამ სამყაროში

ამაყი და ნაღვლიანი ნუოსუს ხალხი.

 

მე მინახავს წითელი ფერი.

მინახავს ლენტები ხარების რქებზე

და ძლიერ ქარში მათი ფრიალი.

მესიზმრებოდა წითელი მოკლე ქვედაკაბები,

მესმოდა გაბმული სიმღერები და

ცხენების წითელ საზურგეთა ელვას ვხედავდი _

ოცნებობდნენ ლაჟვარდებში

ლაღად ქროლვაზე.

 

მე მინახავს წითელი ფერი…

მაგრამ არ ვიცი,

წითელი სისხლი ძარღვებში როდის აუჩქეფდათ

ჩვენს შორ წინაპრებს.

 

მე მინახავს ყვითელი ფერი.

მესიზმრება ათასობით ყვითელი ქოლგა,

მთელი ველი, ამ ქოლგებით მიმოფენილი,

და მათთან ერთად მთის სიმღერები

და ტანსაცმელი ყვითელი ფერის _

მზის ათინათთა ცეკვას იზიდავს

და ქოუსიენს, ასევე ყვითელს:

აი, ტუჩები მუსიკოსის,

ჭრიჭინობელას ფრთებივით

რომ თრთის.

 

მე მინახავს ყვითელი ფერი…

მაგრამ არ ვიცი,

შესანიშნავი ყვითელი ფერი როდიდან გაჩნდა

ჩვენს ძველისძველ

ხის ფიალებზე.

 

მე მესიზმრება ჩემი ფერები,

და ისევ ისე ვტირი სიზმარში.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13