დაჩაჩანაკებული საბრძოლო ხარის მეორე ისტორია ლიანშანის დიდი მთებიდან

 ბნელი ღამეა.

ხალხს ჩათვლიმა.

ის კი უღონო, წევს ახორში.

მიულულია თვალები და

ნაპერწკალიც კი არა ჩანს მათში იმედის _

მხოლოდ ნაღველი.

მაგრამ უეცრად ელანდება

სადღაც, შორეთში,

ბრბოს ღრიალი და კორიდას ზეიმობანი.

ძლიერი ხარი დიდი ხნის ნანატრ

ბრძოლაში იწვევს,

აღიზიანებს, ლანძღავს, დასცინის,

დიდი ხნის წინ დავიწყებულ სახელს უღმუის…

ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში და

გამოეღვიძა.

დაიღმუვლა, პასუხი გასცა,

და გაიქროლა ნაცნობ გზაზე.

აი, ღობე ჩამოინგრა ლაწალუწით.

ქვებზე კაკუნი

და მიწაზე ჩლიქის ბაკუნი.

…დილით, როცა მზე ამოიწვერა,

და ღრუბლები მიმოიფანტნენ,

კორიდის ახორში

ხალხმა ხარი დაინახა, ძირს დაგდებული.

რქები მიწას ღრმად ჩასობოდა,

ტანი ვიღაცას დაესერა უმოწყალოდ,

ფართოდ გახელილ მკვდარ თვალებში კი

სიხარული და სიამაყე უკიაფებდა.

 

თარგმნა შოთა იათაშვილმა

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13