ნადირობა

ტყე, ისე, როგორც ნაღვლიანი ზღვა,

ამოტივტივდება ხოლმე უტყვად ტალღის ქოჩორზე,

მარილიან ჰაერს ისუნთქავს

და სილის სურნელს, წყლის პირას დამდგარს.

ქოხივით დევს მეჩეჩზე ნავი

ტყის სამხრეთით,

და ჩრდილოეთით მინდორ-ველების.

მისი ყურე აი, აქაა,

აქ იპოვა ნავსაყუდელი.

დაგორგოლავდა მეძებარი ხუჭუჭი ძაღლი

და თვლემს,

როგორც მყუდროების კითხვის ნიშანი,

როგორც ღამის ბნელი შეკითხვა,

დასმული სახლის იმ შორეულ კუთხე-კუნჭულში,

სადამდეც ბუხრის ალიც ვერ აღწევს.

მან ჩაიძინა ციცქნა ოთახში

ქალის თმისა და ჩვილის რძის

ნაზი სურნელით.

ირწევიან ტალღები, როგორც მთვარეულები,

ბზრიალებენ თავს ზემოთ და

სიზმრები კი მიცურავენ.

გაიელვა ირმის ჩრდილმა.

დღისით მოჰკრა მან ამ ჩრდილს თვალი.

იწყება დევნა.

შემოდგომა ფოთლების ყვითელ

სამხრეებს აყრის.

მაგრამ არ ისვრის მონადირე –

გაშეშდა. უმზერს:

ფურირემი ცეკვავს კლდის პირას.

გააკეთებდა ჰაერში ნახტომს,

თუნდაც მის ჩრდილს რომ დასწეოდა,

მაგრამ ეს სიმძიმე:

მარცხენა მხარზე – ცოლის თავი,

მარჯვენაზე – მძინარე ვაჟის,

სახლის ეს ორი თბილი ღუზა.

მხოლოდ სიზმარში რთავს ის თავს ნებას

მონადირის ყიჟინა დასცეს.

მხოლოდ ფიქრებში

რთავს ის თავს ნებას

მონადირის ჩუმ ნაბიჯს დგამდეს.

ასე მღერის ღამღამობით

ტყის მდუმარება,

ეკიდება თავს ზემოთ და

კვლავ სადღაც სხლტება.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13