დაჩაჩანაკებული საბრძოლო ხარის პირველი ისტორია ლიანშანის დიდი მთებიდან

ის აქა დგას,

ჩამავალი მზის სხივების ქვეშ,

თავი დაბლა უვარდება სიბერისაგან.

მისი ტორსი

ტალღებით დათხრილ

ფრიალო კლდეს ჰგავს.

ხოლო რქები წამახული აქვს,

მსგავსად ბებერი მგლის ეშვებისა.

ის აქა დგას,

ჩამავალი მზის სხივების ქვეშ,

ერთადერთი საღი თვალი

მოუხუჭია.

ბუზები

თავს დასტრიალებენ.

გულმიცემული შევარდნები

ზედ ცხვირ-პირზე ეწებებიან.

სად დაიკარგა მისი პატრონი?

ის აქა დგას,

ჩამავალი მზის სხივების ქვეშ,

საბრძოლო წლები ელანდება.

ახსენდება „ჩირაღდნების დღესასწაულის“

ადრიანი დილა, თითქოსდა

კვლავ გაისმის საყვირის ხმა

შებრძოლების წინ.

მისი ხროტინი ნესტოებში,

მიწის ძალით გამხნევებული, სიმღერად ისმის.

ის კვლავ მზადაა ნახტომისათვის,

ძველებურად გრძნობს

საკუთარი სისხლის ჩუხჩუხს,

ბეწვი ისევ რკინის გაუხდა,

ბრბო გუგუნებს და ზეიმობს.

შუადღის მწველი მზის ქვეშ ხარი

წინ მიიწევს გახარებული.

ნახტომში ის ირემს წააგავს.

აი, პატრონიც, ჯანმრთელი და ახალგაზრდა,

ექაჩება იგი თავისკენ.

წითელი ლენტები ხარს გარს ერტყმის.

კლდის პირასაა.

რქებზე სისხლისფერ მზის

დისკოს იცვამს.

ის აქა დგას,

ჩამავალი მზის სხივების ქვეშ,

ერთადერთ თვალს ხანდახან ახელს,

უმზერს იმ ახორს კორიდაზე,

სადაც წლების წინ აქეთ-იქით ეხეთქებოდა,

სევდიანად ღმუის და ღმუის…

და უეცრად გაცრეცილმა მისმა ტყავმა

იფეთქა და მეწამული კოცონივით

აინთო მასზე.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13