აღდგება თუ არა წერეთლის გამზირზე ორმხრივი მოძრაობა იანვრის ბოლოს – რეაბილიტაციის დასრულების ვადამდე ორი კვირით ადრე ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულებების შეწყვეტა პოლიტიკური ვნებათაღელვის თემა გახდა.
ოპონენტები დედაქალაქის მთავრობას მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის ჩავარდნაში ადანაშაულებენ. დაჩქარებული წესით ახალი კონტრაქტორი კომპანიები უკვე შერჩეულია. ოთხივე კომპანია სამუშაოებში რამდენიმე საათის წინ ჩაერთო. მერია პირობას დებს, რომ საგზაო სამუშაოები თვის ბოლოს დასრულებული იქნება. წერეთლის გამზირის რეაბილიატაცია გაზაფხულზე დაიწყო. პროექტი გზის საფარის შეცვლასთან ერთად მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას და ტროტუარების მოწყობასაც ითვალისწინებს. პროცესიდან ორი კონტრაქტორი კომპანიის ჩამოშორების გამო წლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ოპოზიციის მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა. არანაკლებ მწვავე აღმოჩნდა მერის რეაქცია.