თოვლისა და უამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე რთული ვითარებაა. გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე თავისუფალია გადაადგილება მლეთა-გუდაურის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე. ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონე კვლავ ნარჩუნდება გუდაური-კობის მონაკვეთზე, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამ დროისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს საჩხერე-ონის გზაზე, სადაც გუშინ, დიდი რაოდენობით მიწა-კლდის მასა ჩამოვიდა და გადაადგილება აიკრძალა ყველა სახის ტრანსპორტისთვის. ხაშური-ახალციხე-ვალეს მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ანალოგიური შეზღუდვაა დაწესებული ახალციხე-ნინოწმინდის მონაკვეთზეც და ასევე გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის, ქუთაისი-ტყიბული- ამბროლაურის და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის მონაკვეთებზე. ხოლო მესტია-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ დაწესებულ რეჟიმებს.