თავდაცვისა და სასაჯელაღსრულების სამინისტროების საქმიანობის ანგარიში - ხარვეზები და ურთიერთსაპირისპირო შეფასებები
ურთიერთსაპირისპირო შეფასებები თავდაცვისა და სასაჯელაღსრულების სამინისტროების საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით. ორ უწყებაში, შესყიდვებთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ დღეს ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე ისაუბრეს. მთავარი აუდიტორი ამბობს, რომ დასკვნის მიხედვით, სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, შესაბამისად, ანგარიშის საგამოძიებო უწყებებისთვის გადაგზავნის აუცილებლობა არ არსებობს.
დოკუმენტს საგანგაშოდ მიიჩნევს ოპოზიცია და საეჭვო გარემოებებთან დაკავშირებით, განმარტებებს თავდაცვის მინისტრისგან ითხოვს. არაობიექტურად გადაჭარბებულს უწოდებენ ოპონენტების შეფასებას მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის საქმეში მიღწეულ პროგრესზე საუბრობენ და მხოლოდ უმნიშვნელო, ადმინისტრაციულ დარღვევებზე მიუთითებენ.
აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევა 2015-16 წლებს მოიცავს, რომლის ნაწილი სახელმწიფო საიდუმლოებაა.