19 სექტემბერს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს.
საზეიმო ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ჩატარდა. პირად შემადგენლობას პროფესიული დღე შეირაღებული ძალების პირველმა პირებმა მიულოცეს. ქართული ავიაციის დაარსებიდან 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსთვის თავდადებული“, ასევე საშტატო იარაღი გადაეცათ. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა სამხედრო აეროდრომზე წარმოდგენილი ტექნიკის დასათვალიერებლად გადაინაცვლეს.
1992 წელს, სწორედ 19 სექტემბერს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს. ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი.