მრავალეროვანი სწავლება

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ტროას ნაკვალევი 24“-ს მასპინძლობს.

სწავლებაში თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის ქვედანაყოფები მონაწილეობენ. გახსნის ოფიციალური ცერემონია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართა. სწავლება ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის ორგანიზებით, პარალელურად სამ ქვეყანაში – რუმინეთში, საბერძნეთსა და საქართველოში ტარდება. საქართველოში ჩასატარებელ კომპონენტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლებაში, ასევე ჩაერთვებიან ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. სწავლების ფარგლებში, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, პარტნიორი ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად, სახმელეთო და საზღვაო კომპონენტებში მომზადებას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაივლიან. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას, გამოცდილების გაზიარებასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას. საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნულ სწავლებაში მესამედ მონაწილეობს.