საქართველოს თავდაცვის ძალები 33 წლისაა

საქართველოს თავდაცვის ძალები 33 წლისაა. საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ოფიციალური ღონისძიება მარშის თანხლებით, საქართველოს სახელმწიფო და თავდაცვის ძალების დროშების შემოტანით გაიხსნა, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა შეასრულა სახელმწიფო ჰიმნი, რომლის მსვლელობისას, სამხედროებმა ქვემეხებიდან საზეიმო ზალპებიც გაისროლეს. ღონისძიებაზე მყოფმა პირებმა დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას. დღესვე, რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს და ქართულ ჯარს ოფიციალურად შეუერთდნენ. საზეიმო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. ღონისძიება თავდაცვის ძალების შვეულმფრენების გადაფრენით დასრულდა. მოწვეულ სტუმრებს სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ. 1991 წლის 30 აპრილს, სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელები პირველად მიიღეს, რის საფუძველზეც, ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ დაწესდა. დღევანდელ საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა.