22 თებერვალს ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტიდან ორ კილომეტრში საქართველოს სამი მოქალაქე ოკუპანტებმა დააკავეს. ისინი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მეორე დღეს, ციხის იზოლატორში ერთ-ერთი დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ თავისი ვერსია გაავრცელა და თქვა, რომ ტატუნაშვილი საავადმყოფოში გულის უკმარისობით დაიღუპა.
გავრცელებული ვერსია რამდენჯერმე შეცვალეს, მკვლელობის ფაქტს კი არ აღიარებენ. მომხდარს მწვავე შეფასებები მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ქართული მხარე ცხედრის გადმოცემას მოითხოვს. ოჯახი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აანონსებს.
საქართველოს პატრიარქი წერილით რუსეთის პატრიარქს მიმართავს. საზოგადოება რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს და აქციას სახელწოდებით მშვიდობა ომზე მეტია თავისუფლების მოედანზე მართავს, თუმცა, აპირებს თუ არა ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემას, ამ დრომდე უცნობია.