საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარი

მეთოთხმეტე დღე უკანონო ტყვეობაში.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგშია. მხარდამჭერი განცხადებები თითქმის ყოველ საათში ვრცელდება. ცხინვალის იზოლატორში მყოფი ცნობილი ტრავმატოლოგის გათავისუფლებას ითხოვენ ლატვიიდან, ეუთო-დან, ცნობილი უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინტერნეიშენალიდან“. ორგანიზაცია დე-ფაქტო რეჟიმთან ერთად მიმართავს რუსეთსაც და მედიკოსის სასწრაფოდ გათავისუფლებასთან ერთად მის მიმართ სათანადო მოპყრობასაც სთხოვს. ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ახალგორის ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვის გამოც არიან შეშფოთებულები და ხაზს უსვამენ, რომ არაღიარებული ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ყოველდღიურად უმძიმესად აისახება იმ ადგილობრივებზე, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. პასუხად დე-ფაქტო რეჟიმი გაფრინდაშვილის საქმეზე ოფიციალურ თბილისს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ტონის შეცვლისკენ მოუწოდებს.