სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს ტყიბულში. მაშველები ქვანახშირის მომპოვებელ კარიერში ჩავარდნილ მამაკაცს ეძებენ. წინასწარი ინფორმაციით, ობიექტზე ქვანახშირის და მიწის მასა ჩამოიშალა და მეშახტე ქვეშ მოიყოლა.
უბედური შემთხვევა კერძო კარიერზე მოხდა, მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცი კი კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომელი, კერძოდ, ელმავლის მემანქანეა.
ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შარშან მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ამ დრომდე შეჩერებულია. თუმცა, როგორც კომპანიაში განმარტავენ, სამუშაოების შეწყვეტის მიუხედავად, კონტრაქტორების მხრიდან კერძო კარიერებზე წიაღისეულის უკანონოდ და ფარულად მოპოვების ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა.