მეშახტეების პროტესტი ტყიბულში

11 მეშახტე უკვე 24 საათია ძიძიგურის სახელობის შახტში იმყოფება. პროტესტის ამ ფორმას კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ადმინისტრაციამ მათი მოთხოვნა ხელფასის მომატების შესახებ არ დააკმაყოფილა. ამ წუთებში მეშახტეების ნაწილი იმყოფება ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობასთან და პროტესტში მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ. გაფიცულ მეშახტეებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა კომპანია „საქნახშირმაც“.  კომპანიაში ამბობენ, რომ მეშახტეების პროტესტი იანვრის თვის შედეგების შეჯამებამ გამოიწვია, რამაც აჩვენა, რომ სხვა უბნებთან შედარებით, მეოთხე უბანს გეგმის შესრულების ნაკლები მაჩვენებელი ჰქონდა. ამის გამო, ამ უბანზე მომუშავე მეშახტეებმა ნაკლები თანხა გამოიმუშავეს. „საქნახშირის“ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკვე შედგა სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდა გაფიცული უბნის თანამშრომლებისა და „საქნახშირის“  ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით და უახლოესი 10 დღის ვადაში, კომისია შეისწავლის  შემაფერხებელ გარემოებებს, რის გამოც გეგმა ვერ შესრულდა.

მოამბე