აფეთქება მინდელის შახტში

ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე კვლევითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ერთი დაღუპული, რვა დაშავებული – მეთანის აფეთქების შედეგად დაზარალებულებს შორის ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შახტის მფლობელი კომპანიის, „საქნახშირის“ ხელმძღვანელობა მომხდარის მიზეზებზე ჯერ ვერ საუბრობს და სპეციალური კომისიის მოკვლევის შედეგებს ელოდება. თუმცა, გამოძიების დასრულებამდე უკვე სახელდება ის დარღვევები, რომლებიც საამფეთქებლო სამუშაოების დროს გამოიკვეთა. პირველადი მოკვლევის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო უსაფრთხოების წესების დარღვევებზე, მათ შორის ჰაერში მეთანის კონცენტრაციის გადაჭარბებულ მაჩვენებელზე მიუთითებს. შახტი, სადაც ქვანახშირის მოპოვების მიზნით აფეთქების სამუშაოები მიმდინარეობს, ამ დროისთვის დახურულია. მოკვლევის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა ამ უბანზე მომავალში სამუშაოები.