შემზარავი ტრაგედიიდან ცხრა თვის შემდეგ, სასტუმრო ,,ველმონდი”, ყოფილი ,,ლეოგრანდი” დალუქულია. შენობა 300-მდე სტუმარმა და პერსონალმა უკვე დატოვა. შესაბამისად დაკმაყოფილდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოთხოვნა, რომლის მიხედვით, სასტუმროს ფუნქციონირების შესაწყვეტად ვადა დღეს საღამოს ექვს საათამდე ჰქონდა მიცემული. სწორედ სააგენტოს მიერ აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორებაზეა დამოკიდებული, განაახლებს თუ არა მომავალში სასტუმრო მუშაობას. მონიტორინგმა აჩვენა, რომ სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რამდენიმე ნორმა სასტუმროში ისევ დარღვეულია. მათ შორისაა კვამლის გამწოვი სისტემა, რომელიც შენობაში კვლავ არ არსებობს.