ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდი“ დღეს, 18:00 საათზე მუშაობას შეაჩერებს
ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდი“ დღეს, 18:00 საათზე მუშაობას შეაჩერებს

ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადვოკატი, კახაბერ წერეთელი აცხადებს, რომ სტუმრები სხვადასხვა ობიექტზე გადაანაწილეს, შესაბამისად, 18:00 საათზე გადაწყვეტილება შესრულდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც ყველაფერი მოწესრიგდება, სასტუმრო გაიხსნება.

„აჭარის მთავრობის ჩართულობით, უშუალოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოხერხდა სტუმრების გადანაწილება, მოიძებნა შესაბამისი დონის სასტუმროებში ადგილები და ადმინისტრაცია ამ ვადაში ჩაეტია, დღეს 18:00 საათზე გადაწყვეტილება იქნება შესრულებული. კონკრეტულ ვადებზე საუბარს თავს ავარიდებ, ერთი რამ ცხადია, რომ ყველას ინტერესია, ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს.

ყველაფერი რომ მოწესრიგდება, შემდეგ გაიხსნება სასტუმრო. რაც შეეხება უკვე მიღებულ ჯავშნებს, საკითხი მოგვარდება ისე, რომ არ დაზარალდნენ სტუმრები. ის პირობა, რაც ითქვა, ძალაში რჩება, ვინაიდან თავად სასტუმროს მენეჯმენტიც დაინტერესებულია კადრების შენარჩუნებით. არ არის იოლი კარგი კოლექტივის შექმნა და ამას შენარჩუნება სჭირდება, ბუნებრივია, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმით და ეს ნაბიჯები გადაიდგმება“, – განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ (სასტუმრო „ველმონდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა ვადა, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს. როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მუშაობის შეწყვეტის მიუხედავად, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ პერსონალი ხელფასს მიიღებს. ამასთან, დღეს სამსახურის წარმომადგენლებსა და სასტუმროს მენეჯმენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. თუმცა, „ველმონდის“ საქმიანობის შეჩერების შესახებ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ პრინციპული მოთხოვნაა, სასტუმრო „ველმონდში“ კვამლის გამწოვი სისტემა გაკეთდეს.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

დატოვე კომენტარი