სასამართლო განხილვა მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მინდელის სახელობის შახტის დაკავებული თანამშრომლების პროცესი გაიმართა.

დაცვის მხარე პროცესის გადადებას დაზარალებულების პოზიციის გარკვევამდე მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროცესზე შესავალი სიტყვა წარმოთქვა პროკურატურამ და ბრალდებულ გოჩა ქასრაშვილის ადვოკატმა.

მინდელის შახტში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სულ ექვსი პირია დაკავებული. გამოძიება მათ უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

5 აპრილს ტყიბულში მომხდარ შემთხვევას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სხვადასხვა სახის დაზიანება ოთხმა პირმა მიიღო.

საქმეზე შემდეგი სხდომა 19 დეკემბერს 12 საათზე ჩაინიშნა.