გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და ახლა თამაზ გინტური – სოფელ კირბალთან, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლული გინტური აგვისტოს ომის მონაწილე იყო. ის თანასოფლელ ლევან დათიაშვილთან ერთად მშობლების საფლავზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც ლომისას წმინდა გიორგის ეკლესიაში ავიდა. სწორედ სალოცავიდან გამოსვლის და მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ მიაყენეს ოკუპანტებმა კირბალის მკვიდრს სასიკვდილო ჭრილობები. მკვლელის გადმოცემა და დათიაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ოფიციალური თბილისის მთავარი მოთხოვნაა, რაც გუშინ ღამით ერგნეთში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე დააყენეს. თუმცა ხელისუფლების რეაგირებას არასაკმარისად მიიჩნევს ოპოზიცია, რომელიც მმართველ გუნდს საპასუხო ზომების მისეულ გეგმას სთავაზობს.
რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის კიდევ ერთ უმძიმეს გამოვლინებაზე მწვავეა საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია.