ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა. მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები. გიგა ოთხოზორიას ოჯახმა არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 000 ევროს კომპენსაცია უნდა მიიღოს. სასამართლო ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ადგენს, რომ მოპასუხე მთავრობამ ვერ შეასრულა კონვენციის 38-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულებები. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი და პროცედურული მხარეები. ამასთან, ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს ოთხოზორიას ოჯახს ერთობლივად, სამი თვის განმავლობაში 130 000 ევრო, დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მორალური ზიანის შესაბამისად.