სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე

საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილი კიდევ ერთი რეზონანსული საქმე სტრასბურგში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, რომელსაც ახლა კომპენსაციის სახით 130 000 ევრო აქვს გადასახდელი. 2016 წელს მოკლული ოთხოზირიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის, ანუ სიცოცხლის უფლების დარღვევა დადგინდა. ხუთი წლის წინ გაგზავნილ საჩივარზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა. ზუგდიდის მკვიდრი გიგა ოთხოზორია შვიდი წლის წინ ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. მკვლელი ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი ოღლია, რომელიც ოთხოზორიას დაედევნა, რამდენჯერმე ესროლა, წაქცეულს კი საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რისი ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს. არაღიარებული რეჟიმი ინტერპოლით ძებნილი დამნაშავის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემაზე უარს ამბობს.