საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

ღია სასამართლო სხდომების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებში არსებული პერსონალური ინფორმაცია 2020 წლის პირველი მაისიდან, შესაძლოა, ხელმისაწვდომი და საჯარო გახდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა „მედიის განვითარების ფონდის“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის იმ მუხლებს, რომლებიც გამორიცხავდა სასამართლოს აქტებში მოცემული პერსონალური მონაცემების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას და მათი გასაჯაროების შესაძლებლობას უშვებდა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო რეგულაცია ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ინფორმაციის თავისუფლებას. თუმცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო მხოლოდ 2020 წლის პირველი მაისიდან, პარლამენტს კი მიეცა დრო, რათა ამ ხნის განმავლობაში შეავსოს კანონმდებლობა ისე, რომ არ დაზარალდეს არც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და არც საჯარო ინტერესი.