ჭუბერსა და ხაიშში ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა სპეცრაზმი ადგილზე რჩება. შემოწმების მიზანი უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის ამოღება იყო. რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოყვა. ადგილობრივების თქმით, ხე-ტყის ბიზნესის გარდა, არანაირი საარსებო წყარო არ აქვთ. პროტესტის ნიშნად გადაკეტილი სვანეთთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა.
ადგილობრივებს უკვე შეხვდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოკვლევა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების შემოწმებას ყველა რეგიონში ახორციელებს. მათ შორის იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით , გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და დააკავეს 15 პირი.